კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული უნარების განვითარებაში იყო უნარების კვირეულის 2023-ის ფართომასშტაბიანი ფორუმის მთავარი თემა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, როგორც საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში, ასევე პანელურ დისკუსიაში ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ბიზნესში დასაქმების კუთხით არსებობს. აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნებულია ბიზნესისას და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობით და ლევან ვეფხვაძე, ამავდროულად, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ამასთან, ღონისძიებაზე სექტორული ასოციაციების მიერ ჩამოყალიბებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციებმა (დუო) აუდიტორიას პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გაუზიარეს, ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არსებობს ინდუსტრიებში სამუშაო ძალის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ლევან ვეფხვაძემ კი ყურადღება გაამახვილა არა მარტო ბიზნეს ასოციაციების, არამედ პროფესიული ასოციაციების განვითარებაზე, რადგანაც ეს უკანასკნელი ბიზნეს ასოციაციებთან ერთად უნდა ქმნიდნენ ძლიერ დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს.
„მოხარულნი ვართ, რომ უკვე რვა სექტორული ასოციაცია შეიქმნა, შესაბამისად, ბიზნეს ასოციაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება დუოების საქმიანობას. შრომით ბაზარზე მოთხოვნა, რაც ბიზნესიდან მოდის საბოლოო ჯამში განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რომელიც თავად ბიზნეს სჭირდება და ამ კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, სადაც კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი გაერთიანებების, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.