ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ "წელს, ღვინის ექსპორტში კლება გვექნება".

მისი თქმით, ექსპორტის კლება გამოწვეულია იმით, რომ შარშან აქციზის და საბაჟო მოსაკრებელის ზრდის გამო, იმაზე დიდი რაოდენობით ღვინო გადაიზიდა, ვიდრე ნორმალურ პირობებში გაიყიდებოდა, შესაბამისად, წელს შემცირების მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ცნობისთვის, წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისი) ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების 22%-იანი კლებაა. უფრო დიდია დანაკლისი ქართული ღვინის მთავარ ბაზარზე - რუსეთში ექსპორტი თითქმის 35%-ით არის შემცირებული. სამანიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის მაისიდან აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოსვე იცოდნენ და ცდილობდნენ, რუსულ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოესწროთ.

“ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ წელს კლება გამოწვეული იყო იმით, რომ შარშან აქციზის და საბაჟო მოსაკრებელის ზრდის გამო, იმაზე დიდი რაოდენობით ღვინო გადაიზიდა, ვიდრე ნორმალურ პირობებში გაიყიდებოდა. შესაბამისად, ველოდები, რომ წელს კლება გაგრძელდება, იმიტომ, რომ შარშან იმის შესაბამისად წაიღეს ღვინო, რომ მაშინაც გაეყიდათ და წელსაც. შედეგად, წლის ბოლომდე, შარშანდელთან შედარებით ალბათ კლება გვექნება, თუმცა 2023 წლისას სავარაუდოდ, გაუტოლდება. ჯამში თუ ბოლო ხუთ წელს ავიღებთ, დიდ სხვაობას პირადად არ ველოდები. ასევე ჯერ არ ვიტყოდი, რომ რუსეთის ბაზარზე კლების ტენდენციაა", - აცხადებს სამანიშვილი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 6 თვეში თითქმის 122 მლნ დოლარამდე შემცირდა ღვინის ექსპორტი, აქედან 73 მლნ დოლარის ღვინო რუსეთში გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ გაყიდული ღვინის 60% რუსეთში გავიდა. ბოლო ხუთ წელში ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვები 53%-ით გაიზარდა, ასე მაგალითად თუ 2020 წელს თითქმის 120 მლნ დოლარის ღვინო გავყიდეთ, შარშან კი გაყიდვები 183 მლნ დოლარამდეა გაზრდილი.

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში ბოლო 5 წელში:

2025 წელი (6 თვე) - 72.8 მლნ დოლარი;
2024 წელი - 182.6 მლნ დოლარი;
2023 წელი - 168.2 მლნ დოლარი;
2022 წელი - 160.8 მლნ დოლარი;
2021 წელი - 130.7 მლნ დოლარი;
2020 წელი - 119.5 მლნ დოლარი;

bm.ge