თბილისის დიდი საწყობების მხოლოდ 12% აკმაყოფილებდა მაღალ სტანდარტს
თბილისის სასაწყობე ბაზრის მთავარი პრობლემა მხოლოდ ფართების სიმცირე არ არის. გამოწვევად რჩება არსებული ინფრასტრუქტურის ხარისხიც.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წელს 10 000 კვადრატულ მეტრზე დიდი საწყობების მხოლოდ 12% მიეკუთვნებოდა A ან A მინუს კლასს. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა, 2027 წლისთვის კი 31%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.
ჯამურად, თბილისში არსებული 1.26 მილიონი კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართის 80%-ზე მეტი კვლავ B და C კლასის ობიექტებზე მოდის. მათი ნაწილი მოძველებულია და თანამედროვე ლოგისტიკის მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობს.
A კლასის საწყობი, კვლევის კლასიფიკაციით, გულისხმობს თანამედროვე კონსტრუქციას, მინიმუმ 12-მეტრიან ჭერს, სპეციალური საფარის მქონე იატაკს, საკმარისი რაოდენობის სატვირთო დოკებს, საპარკინგე სივრცესა და სხვა ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.
ახალი პროექტების დასრულების შემდეგ მაღალი კლასის ფართების წილი გაიზრდება, თუმცა დაბალი ხარისხის საწყობები ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.
თბილისში სასაწყობე ფართის მხოლოდ 7% იმართება 3PL მოდელით
საქართველოში პროფესიონალური, მესამე მხარის ლოგისტიკური მომსახურების ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
2025 წელს თბილისის სასაწყობე ფართების მხოლოდ 7% გამოიყენებოდა 3PL მოდელით. ეს არის მომსახურება, როდესაც სპეციალიზებული კომპანია სხვა ბიზნესისთვის მართავს დასაწყობებას, შეკვეთების დამუშავებას, ტრანსპორტირებასა და დისტრიბუციას.
დანარჩენი ფართების 26% 1PL მოდელზე მოდიოდა, როდესაც კომპანია საკუთარ ტვირთსა და ლოგისტიკას თავად მართავს. 67% კი 2PL მოდელს ეკუთვნოდა, რაც ცალკეული ტრანსპორტირების ან სასაწყობე მომსახურების გარე მიმწოდებლისგან მიღებას გულისხმობს.
შედარებისთვის, განვითარებულ ბაზრებზე 3PL კომპანიების წილი ახალ საიჯარო გარიგებებში მნიშვნელოვნად მაღალია. აშშ-ში მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს, ევროკავშირში 45%-ს, აზია და ოკეანიის რეგიონში კი 40%-ს აღწევს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში 3PL ოპერატორების სიმცირე ზღუდავს კონკურენციას და ზრდის მომსახურების ფასს, რის გამოც კომპანიები ხშირად საკუთარი ლოგისტიკური სისტემის განვითარებას ამჯობინებენ.