პანდემიის შემდეგ პირველად, „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. 

„თბილისის პირველი საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასი მონაწილე ესწრებოდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს რამდენიმე სადისკუსიო თემატურ პანელს, ასევე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.

ფორუმი უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა, მისი მაღალ დონეზე ორგანიზება-ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით - აბრეშუმის გზის ფორუმი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.