21-ე საუკუნის მეორე ათწლეულიდან მოყოლებული მსოფლიო ეკონომიკა არაერთ ენერგეტიკულ კრიზისს შეეჯახა, რომლებიც, ძირითადად, გამოწვეულნი იყვნენ პოლიტიკური დაძაბულობითა თუ საომარი მოქმედებებით.
ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანში დაწყებული სპეცოპერაციის გამოძახილი ნავთობის ბაზარზე მყისიერად აისახა - ვოლატილობითა და ფასების გაზრდით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ (ეკონომიკურ) კომპონენტს. მეორე მდგენელი - ტექნიკურია. 

მაშინ როდესაც ქვეყნები დგებიან პროდუქტის მიწოდების გამოწვევების წინაშე, ბუნებრივია, იწყებენ ფიქრს დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ალტერნატივა არის საკუთარი წარმოების გაზრდა განახლებადი წყაროების ათვისების მეშვეობით.  

საბედნიეროდ, საქართველოს ელექტროენერგო ბალანსის სულ მცირე ¾ ნაწილი განახლებად წყაროებს უკავიათ, ხოლო დანარჩენი გენერირებულია თბოელექტროსადგურებში იმპორტირებული ბუნებრივი აირის წვის შედეგად.

ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ქვეყნის დიდი ენერგეტიკული (განახლებადი) პოტენციალი, რომელიც სრულად არაა ათვისებული. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 40 000 გვტ/სთ, ქარის - 4680 გვტ/სთ-ს, ხოლო მზის 696 გვტ/სთ-ს. აქედან ათვისებულია შესაბამისად 23, 3 და 2 პროცენტები. 

საქართველო ერთ-ერთ ბიზნეს-მეგობრულ ქვეყნად ითვლება. მარტივი რეგულაციები, სწრაფი რეგისტრაცია და დაბალი გადასახადები ბიზნესის დაწყებას შედარებით მარტივს ხდის. B-READY 2025 index-ში საქართველომ დაიკავა მე-4 ადგილი ისეთი ქვეყნების შემდეგ როგორებიცაა სამხრეთ კორეა, სინგაპური და ესტონეთი.

ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მოიზიდოს სოლიდური ინვესტიციები განახლებადების მიმართულებით. აღნიშნულს ქმნის რამდენიმე გარემოება: მსოფლიო ეკონომიკების დეკარბონიზაცია (გადასვლა მწვანე ენერგიაზე), შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი (ევროპაში ექსპორტის პოტენციალი) და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. 

გარკვეული დროის პერიოდში ენერგეტიკული ბიზნესის მიმართლებით უმოძრაობა იყო. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშნება გარკვეული ძვრები.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ინიციატივით ჩატარდა რამდენიმე გაფართოებული შეხვედრა ასოციაციის წევრებსა და სამინისტროს მმართველ გუნდს შორის. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადსხვა რელევანტური ორგანიზაციების წარმომადგნელები როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.  

CfD აუქციონების შედეგად ბევრმა კომპანიამ ვერ/არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად მათ დაეკისრათ ჯარიმები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ჩამოართვეს პროექტები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში არც თუ ისე სახარბიელი სიტუაცია იყო ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ინვესტიციებისა და ახალი სიმძლავრეების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მარტის ბოლოს დასრულდება ჯარიმების პატიების პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი ენერგეტიკული პროექტები გააგრძელებენ მუშაობას განახლებული მემორანდუმების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ზოგი ხელშეკრულება გაუქმებისკენ მიდის, თუმცა კომპანიებს ეძლევათ შანსი, ჯარიმა ეპატიოთ და ვალდებულებების შესასრულებლად ახალი ვადები განესაზღვროთ. აგრეთვე, ხაზგასასმელია, რომ ვადების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება და მომავალში მათი მსგავსი გადავადება აღარ დაიშვება.

კიდევ ერთი, სექტორისთვის დადებითი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამის უწყებებთან, რომ 5 მვტ-მდე ჰესები გათავისუფლდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან (გზშ). ინფორმაციისთვის, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ ჰესებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2 მვტ-ს.

სამინისტროსთან შეხვედრებისას ბიზნესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არასაკმარისი დიალოგი მხარეებს შორის და დროში გაწელილი ბიუროკრატიული პროცესები მნიშვნელოვნად აზიანებენ საინვეტიციო გარემოსა და პროექტების განხორციელებას. GREDA-ს ინიციატივითა და შუამავლობით გვარდება დიალოგის საკითხი, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა ბიუროკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ეკონომიკის ზრდასა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დამატებითი დადგმული სიმძლავრეების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამ უკანასკნელზე საუბრისას ძირითადად საყრდენებად გვევლინებიან კაშხლიანი (რეზერვუარიანი) ჰესები და დამაგროვებელი ბატარეები. საქართველოს გეოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე გვაქვს მხოლოდ 3 დიდი ჰესის აშენების შესაძლებლობა: ხუდონი, ნენსკრა და ნამოხვანი.

ამ ეტაპზე სამინისტრომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ პირველი აშენდება ხუდონჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 702 მვტ-ია. რა ფორმით -  სახელმწიფო, ინვესტორი თუ ორივე ერთად - ჯერ უცნობია. ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენს გარემოება თუ როგორ მოიზიდავს მთავრობა საერთაშორისო ინვესტორს ნამოხვანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, რამაც დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია და დააკისრა დიდი ჯარიმა. ზემოთ ხსენებულ ჰესთან და არამხოლოდ მასთან არსებული გამოწვევების დასაძლევად, GREDA-მ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილი უნდა დარჩეს იმ მუნიციპალიტეტში ან დასახლებაში, სადაც ჰესები ან სხვა განახლებადი ენერგიის ობიექტები მდებარეობს, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ პირდაპირ მიიღოს სარგებელი ენერგეტიკული პროექტებიდან. აღნიშნული კანონპროექტი განიხილება პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც დეველოპერები დგანან შეეხება ქსელთან დაერთების საკითხებს. GREDA-ს წევრებთან შეხვედრაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ იცვლება პრაქტიკა და სანამ კომპანია არ მიიღებს დაერთების უფლებას შესაბამისი ორგანოს მხრიდან, მანამდე ვერ გადავა მშენებლობის ეტაპზე.

ამრიგად, შექმნილი მსოფლიო ტურბულენტური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ განავითაროს განახლებადი ენერგიის სფერო. ერთის მხრივ საინვესტიციო ეკოსისტემას განვითარების ბიძგს აძლევს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო მეორეს მხრივ სკეპტიციზმი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა რეპუტაციული ზიანით, აფერხებს პროცესებს.

მოვლენების განვითარების დინამიკა დომოკიდებულია მთავრობაზე, ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე. თითოეულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე და ხელი შეუწყოს დარგის მდგრად განვითარებას.

ავტორი: გარიკ თეიმურაზიანი - GREDA-ს კვლევებისა და განვითარების მენეჯერი