ბოლო პერიოდში სომხეთ - აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პარალელურად, მასობრივ საინფორმაციო წყაროებში სულ უფრო აქტიურად განიხილება, მეზობელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვისა და ახალი მარშრუტების ამოქმედების შედეგად, საქართველოზე გამავალი დერეფნიდან ტვირთების გადანაწილების შესაძლებლობა.დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ მეზობელი სომხეთის ტერიტორიაზე ბლოკირებული სარკინიგზო მონაკვეთების მდგომარეობასა და მისი აღდგენის პერსპექტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სომხეთის რკინიგზა ჩიხურ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს, რომელსაც ტექნოლოგიური კავშირი მხოლოდ საქართველოს რკინიგზასთან გააჩნია. სატრანზიტო გადაზიდვების უქონლობის გამო, სომხეთის საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოცულობა საქართველოსთვის დამატებით სატრანსპორტო ნაკადს წარმოადგენს, რომელიც ფინანსურად აისახება ჩვენი ქვეყნის რკინიგზისა და ნავსადგურების შემოსავლებზე.სააქციო საზოგადოება სომხეთის რკინიგზა - АО Южно-Кавказская железная дорога (ЮКЖД), 2008 წლიდან 30-წლიანი კონცესიით, დამატებით 10 წლით მართვის გაგრძელების უფლებით, რუსეთის რკინიგზისთვისაა გადაცემული.
„სომხეთის რკინიგზა 100 %-ით რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.რუსეთის მხარის განცხადებით, იგი მკაცრად იცავს სომხეთის მთავრობასთან დადებული საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს, რომლის მიხედვითაც, კონცესიის პერიოდში რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებაში ჯამურად 435 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.დღემდე სომხეთის რკინიგზაში ჩადებულმა თანხამ 349 მლნ დოლარს, კონცესიით პირობით - 80%-ს მიაღწია, რითაც რუსეთის მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს გეგმიურად და უფრო მეტიც, წინმსწრებადაც ასრულებს.
მიუხედავად რუსეთის მხარის საინვესტიციო ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურა სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფება.
სომხეთის სარკინიგზო ქსელზე სატვირთო მატარებლების 35 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რთულია კონკურენცია გაუწიოს საავტომობილო ტრანსპორტის სახეობას. შედეგად, ისედაც დაბალი ტვირთბრუნვის მაჩვენებლები, რომელიც 3.0 – 3.5 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობდა, ბოლო ორ წელიწადში კატასტროფულად შემცირდა და 2024 წელს, რუსეთის რკინიგზის მართვაში გადასვლის შემდგომ, ყველაზე დაბალ - 1.4 მლნ ტონის ნიშნულამდე დაეცა.შემცირება ძირითადად ადგილობრივი გადაზიდვების მკვეთრი ვარდნით იყო განპირობებული.ადგილობრივი გადაზიდვების შემცირება სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების პირობებში, სოტკის ოქროს მომპოვებელ მაღაროში მადნის მოპოვებითი პროცესის შეჩერებით იყო გამოწვეული. მანამდე ოქროს შემცველი მადანი სადგურ ზოდიდან - სადგურ არარატამდე გადაიზიდებოდა.აღსანიშნავია, რომ სოტკის ოქროს მომპოვებელ მაღაროზე ადგილობრივი გადაზიდვების 48% მოდიოდა, რაც სომხეთის რკინიგზის შემოსავლის 40%-ს შეადგენდა.რაც შეეხება სომხეთის რკინიგზის საექსპორტო და საიმპორტო გადაზიდვების მაჩვენებლებს, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაზე აისახება, ბოლო წლებში ზრდა არ აღინიშნება. ექსპორტ–იმპორტის გადაზიდვების ჯამური მაჩვენებელი 1.0 – 1.3 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს, ფაქტობრივად, ეს ის მოცულობაა, რომელიც ემატება საქართველოს რკინიგზასა და ნავსადგურებს.აღნიშნული მაჩვენებელი შორსაა 2011 წლისგან, როდესაც სომხეთში საქართველოდან მხოლოდ გაგზავნილი ტვირთების მოცულობა 1.3 მლნ ტონას შეადგენდა.ბენზინის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის 90% სომხეთში საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაიზიდება.სადღეისოდ სომხეთის ტერიტორიაზე ოთხი სარკინიგზო მონაკვეთია ბლოკირებული და მათზე შეჩერებულია გადაზიდვები.
• ყაზახი - იჯევანი - აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარი;
• ერასხი - შარური/სადარაკი - აზერბაიჯანის ნახიჩევანთან სახელმწიფო საზღვარი;
• გიუმრი - ახურიკი - თურქეთთან სახელმწიფო საზღვარი;
• სიუნიკის ე.წ. მეგრის სარკინიგზო მონაკვეთი - ორივე მხრიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი.
ფაქტობრივად, ყაზახი - იჯევანის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენით, სომხეთს საქართველოს გვერდის ავლით შესაძლებლობა ეძლევა, პირდაპირი კავშირი დაამყაროს ჩინეთთან, ცენტრალურ აზიასთან და აზერბაიჯანთან, რითაც შეიძენს შუა დერეფნის სრულუფლებიანი სატრანსპორტო ქვეყნის სტატუსს.რამდენად რეალურია ყაზახი - იჯევანის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა?ერევნიდან ყაზახის მიმართულებით მხოლოდ სომხური მონაკვეთის აღდგენის სავარაუდო ღირებულება 450–500 მლნ დოლარს შეადგენს.სომხეთის ტერიტორიაზე, სატრანზიტო მიმოსვლის გახსნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სარკინიგზო მიმართულებაა ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეგრი - ბაქოს რკინიგზის მარშრუტი, რომელიც ნაწილობრივ ზანგეზურის დერეფნის კონფიგურაციას იმეორებს.ფაქტობრივად, ამ მონაკვეთის განბლოკვის შედეგად თურქეთ–სომხეთის საზღვრიდან, ნახიჩევანის გავლით, ბაქომდე გამჭოლი მოძრაობის აღდგენაა შესაძლებელი. ამ მიმართულების აღდგენით სომხეთი დამატებით სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს.ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეგრი - ბაქოს სარკინიგზო მიმართულების ექსპლუატაციაში გაშვებით, სომხეთს, ჯულფის სასაზღვრო გასასვლელის გავლით, ირანთან სარკინიგზო კავშირი უჩნდება.ნახიჩევანთან რკინიგზის კავშირის დამყარებით და ნახიჩევანის სატრანსპორტო ჩიხიდან გამოსვლით, აზერბაიჯანი მოიგებს ჯულფის დამხარისხებელი სადგურის ოპერირებით, ასევე ნახიჩევანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლით.ამ უპირატესობის გამოსაყენებლად სომხეთს სამი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა ესაჭიროება.გიუმრი - ახურიკი - თურქეთთან სახელმწიფო საზღვარი;არსებული მონაცემებით, გიუმრიდან ახურიკამდე (თურქეთ–სომხეთის სასაზღვრო სარკინიგზო სადგური) სომხური მონაკვეთის აღდგენა მოკლე ვადაში და მცირე ფინანსური სახსრებითაა შესაძლებელი. საუბარია ერთ წელზე და 32.0 მლნ დოლარზე, რაც დროისა და ფინანსური სახსრების თვალსაზრისით უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენს.თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში მკაფიოდ არის ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების „ჩიხიდან“ გამოყვანისა და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობა.
სიუნიკის ე.წ. მეგრის სარკინიგზო მონაკვეთი - ორივე მხრიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი;ბოლო მატარებელმა მეგრის სარკინიგზო მონაკვეთზე 1992 წელს გაიარა. საერთო შეფასებით, 40 კმ სიგრძის რკინიგზისგან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. არსებული რკინიგზის ლიანდაგები დაშლილია, რკინიგზის დამხმარე შენობა-ნაგებობები და გვირაბები ნახევრად დანგრეულია. რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მითითებით 2003 წელს განხორციელდა. ერასხი - შარური / სადარაკი - აზერბაიჯანის ნახიჩევანთან სახელმწიფო საზღვარი;მას შემდეგ, რაც სომხეთსა და ნახიჩევანს შორის ფაქტობრივი გამყოფი ხაზი ჩამოყალიბდა, ერასხის სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.სადღეისოდ ერასხიდან ნახიჩევანის სოფელ სადარაკამდე 4-კმ-იანი მონაკვეთი მთლიანად დემონტირებულია. სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრზეა რელსები დარჩენილი.სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ა. მირზოიანის, ამასწინდელი განცხადებით: „ერასხი - სადარაკის მონაკვეთის გახსნა უნდა იყოს რეგიონში ინფრასტრუქტურის განბლოკვის ორგანული გაგრძელება ან დასაწყისი“.
დასკვნები:სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მარშრუტების სრულფასოვანი განბლოკვა ოთხი მონაკვეთის, ჯამური სიგრძით 100 -120 კმ, აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებებს მოიცავს;
სომხეთის მხარე სარკინიგზო მარშრუტების განბლოკვისას წინა პლანზე ოთხივე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების სინქრონიზაციის აუცილებლობის წინაპირობას აყენებს;
სომხეთის ტერიტორიაზე ოთხივე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა, სომხეთის გარდა, რეგიონის სამი მეზობელი ქვეყნის ინტერესებშია: ა) თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მისი აღმოსავლეთით ეკონომიკურად ჩამორჩენილი პროვინციების განსავითარებლად; ბ) ირანისთვის - ჯულფის გასასვლელით, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის უმოკლესი დერეფნის ამოქმედება; გ) აზერბაიჯანისთვის - ზანგეზურისა და შუა დერეფნით სატრანსპორტო ტვირთნაკადების საკუთარი შეხედულებითა და სატარიფო პოლიტიკით მართვა;
სომხეთისათვის ოთხივე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა მნიშვნელოვანია გაჩერებული ადგილობრივი სამრეწველო პოტენციალის, პირველ რიგში, სამთო დამამუშავებელი მრეწველობის განსავითარებლად;
როგორც სომხეთისათვის, ასევე აზერბაიჯანისათვის, დერეფნების განბლოკვის პროცესი საშუალებას იძლევა, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებას;სომხეთის ტერიტორიაზე ოთხი სარკინიგზო მარშრუტის განბლოკვით, სომხეთი როგორც ირანთან და თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან დამატებით სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს. ფაქტობრივად, სომხეთი რეგიონისთვის გადაიქცევა ე.წ. „სამკაპად“, რომლის საშუალებითაც საქართველოს გარდა, დამატებით სამი მიმართულებით (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი) რეგიონალური ტვირთების შეკრება-განაწილების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა“, - წერია TCRC-ს ინფორმაციაში.