სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. გამოძიების თანახმად, 2024 წელს, შუამავლების ჩარევით, კერძო მეწარმეს, უკანონო დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება - 250 000 ლარის გადაცემაზე შედგა და ეს თანხა მას კაბინეტში გადასცეს.
სუსის თანახმად, გარიგება შეეხებოდა ადამიანს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს.
ლევან ახობაძე სუსის ყოფილი უფროსის, ამჟამად ასევე პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო. გამოძიების თანახმად, ახობაძის საქმეში მონაწილეობდა ლილუაშვილიც.
ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით ედება ბრალი, რაც მოხელის მიერ ქრთამის აღებას შეეხება, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.