"სემეკის" წევრი გივი სანიკიძის განცხადებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სურსათის ფასებზე გავლენის შეფასება, მარეგულირებლის კომპეტენციას სცილდება და ქვეყანაში ინფლაციის ანალიზი, მათ შორის სემეკის მიერ მიღებული საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. ასე უპასუხა მან "საქმის კურსის" ეთერში დასმულ კითხვას - რა გავლენა ექნება ელექტროენეგიის ტარიფის ზრდას პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებაზე.

როგორც სანიკიძე ამბობს, მარეგულირებელი კომისიის ფუნქცია არა მაკროეკონომიკური პროგნოზირება, არამედ ენერგეტიკული სექტორის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

“რასაკვირველია, მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში არ შედის ინფლაციის მაჩვენებლების პროგნოზი და ანალიზი, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ტარიფები არის ის აუცილებელი შემოსავლის წყარო კომპანიებისთვის, რომლითაც მათ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის სტაბილური და შეუფერხებელი მიწოდება უნდა უზრუნველყონ.

თავისთავად ცხადია, თუ ენერგოკომპანიები ვერ მიიღებენ სათანადო შემოსავალს, ანუ მათ არ ექნებათ დანახარჯების ამსახველი ტარიფები, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდებას მომხმარებლებისთვის და ამ შემთხვევაში მომხმარებლების ინტერესები მყისიერად დაზარალდება.

ტარიფების ცვლილება ამ სამთვიანი კონსულტაციების პირობებში მოსალოდნელი იყო, რასაკვირველია, ყველა დეტალური ინფორმაცია მიწოდებული იქნა საქართველოს მთავრობისთვის და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საჯაროა. თავისთავად ცხადია ეროვნულ ბანკს შეუძლია შესაბამისი საპროგნოზო გათვლების განხორციელება“, - ამბობს სემეკის წევრი გივი სანიკიძე.

bm.ge