ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა მხარდაჭერა ენერგეტიკული დაკავშირებადობის იმ პროექტების მიმართ, რომლებიც 2035 წლამდე ევროკავშირისა და მოსაზღვრე რეგიონებს შორის უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერილი პროექტების სიაში შევიდა საქართველოდან ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც.

„ევროკომისიამ აქტიური მხარდაჭერა გამოაცხადა ევროკავშირისა და მოსაზღვრე რეგიონებს შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის პროექტების მიმართ, რომელიც ევროპის კონტინენტზე 2035 წლამდე უნდა განხორციელდეს.

საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველომ და რუმინეთმა ერთობლივად წარადგინეს 2024 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალშია შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტს წარდგენის დროს თან დაერთო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხარდამჭერი დოკუმენტი.

2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი. ევროკომისია გადაგზავნის რეგულაციას ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში დასამტკიცებლად. ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.

ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ მხარდაჭერის მზაობა.

დოკუმენტის რეგულაციად ქცევის შემთხვევაში კაბელის პროექტი მოექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით პროექტს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის სპეციალურ საგრანტო დაფინანსების ინსტრუმენტებთან, რომელიც დაკავშირებადების ხელშესაწყობად საერთო და ორმხრივი მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებს. აღნიშნულის გარდა, ორმხრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტი იქნება პროექტისთვის ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

2024 წლის ივლისში იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში (TYNDP)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.