იაპონიამ დაამტკიცა ღეროვანი უჯრედებით ინოვაციური მკურნალობის მეთოდი პარკინსონის დაავადებისა და გულის მწვავე უკმარისობისთვის. მწარმოებლის განცხადებით, სამკურნალო საშუალება პაციენტებისთვის რამდენიმე თვეში გახდება ხელმისაწვდომი.
კომპანია Sumitomo Pharma-ს განცხადებით, მან მწვანე შუქი მიიღო, რომ აწარმოოს და გაყიდოს Amchepry — პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება, რომელიც გულისხმობს ღეროვანი უჯრედების პაციენტის ტვინში გადანერგვას.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ თანხმობა ასევე გასცა ReHeart-ზე — გულის კუნთის ფირფიტებზე, რომელიც სამედიცინო სტარტაპმა Cuorips-მა შექმნა და ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას და გულის ფუნქციის აღდგენას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლებიც იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ეყრდნობა, პრეპარატები ბაზარზე შეიძლება ამ ზაფხულს გამოჩნდეს. ისინი კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი სამედიცინო პროდუქტები იქნება, რომლებიც iPS უჯრედებს (ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედი) იყენებენ.
2012 წელს, იაპონელმა მეცნიერმა შინია იამანაკამ ნობელის პრემია მიიღო iPS უჯრედების კვლევისთვის. ამ უჯრედებს აქვთ პოტენციალი, რომ სხეულში ნებისმიერი სხვა სახის უჯრედად გადაიქცნენ.
„იმედი მაქვს, ეს შვებას მოუტანს პაციენტებს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავივლით ყველა საჭირო პროცედურას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის ყველა პაციენტამდე უპრობლემოდ მივიდეს“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა კენიჩირო უენომ.
Sumitomo Pharma განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიიღო მიიღო Amchepry-ის წარმოებისა და გაყიდვის „პირობითი და დროში შეზღუდული თანხმობა“ სისტემის ფარგლებში, რომელიც, როგორც ამბობენ, შექმნილია იმისთვის, რათა ეს პროდუქტები პაციენტებამდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს.
როგორც გაზეთი Asahi წერს, დამტკიცება ერთგვარი „დროებითი ლიცენზიაა“ მას შემდეგ, რაც პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა იმაზე ცოტა პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ვიდრე ეს პრეპარატების ჩვეულებრივი კლინიკური ცდებისას ხდება ხოლმე.
კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ცდა მიუთითებს, რომ კომპანიის პრეპარატი იყო უსაფრთხო და წარმატებული სიმპტომების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
კვლევაში მონაწილეობდა 50-დან 69 წლამდე ასაკის პარკინსონის შვიდი პაციენტი. თითოეულმა მათგანმა ტვინის ორივე ნახევარსფეროში მიიღო ჯამში 5-10 მილიონი უჯრედის ტრანსპლანტი.
ჯანმრთელი დონორებისგან მიღებული iPS უჯრედები დოფამინის წარმომქმნელი ტვინის უჯრედების წინამორბედებად გარდაიქმნენ — უჯრედებად, რომელიც პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში უკვე აღარ გვხვდება.
პაციენტებს ორი წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ. არ გამოვლენილა რაიმე სახის მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. ოთხ პაციენტს აღენიშნა სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
პარკინსონის დაავადება ქრონიკული, დეგენერაციული ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის მოტორულ სისტემაზე და ხშირად იწვევს კანკალს და მოძრაობის სხვა სირთულეებს.
პარკინსონის ფონდის მონაცემებით, ეს დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს.
ფონდის განცხადებით, ამჟამად ხელმისაწვდომი თერაპიები აუმჯობესებს სიმპტომებს, მაგრამ ვერ ანელებს ან აჩერებს დაავადების პროგრესს.
iPS უჯრედებს ქმნიან მომწიფებული, უკვე სპეციალიზებული უჯრედების სტიმულირებით, რომლითაც მათ უკან, ახალგაზრდა მდგომარეობაში აბრუნებენ — ძირითადად კლონირების გზით ემბრიონის საჭიროების გარეშე.
შესაძლებელია ამ უჯრედების გარდაქმნა მრავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედად. მათი გამოყენება სამედიცინო კვლევების ერთ-ერთი მთავარი სფეროა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.