ბაზარი თვისობრივად იცვლება, თუმცა AI-ის მიერ ადამიანის სრულ ჩანაცვლებაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა, - ამის შესახებ Skiliwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს აღარ არსებობს სფერო, სადაც AI-ის გამოყენება არ ხდება, თუმცა მის მიერ გაკეთებულ საქმეს, ამ ეტაპზე, ბრმად ვერ ვენდობით.

"ხელოვნური ინტელექტი თეორია აღარაა და ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრე ვართ ამ მიმართულებით. გაიზარდა სფერო და აღარ არის არც ერთი კომპანია, რომელსაც არ შეუძლია, რომ ხელოვნური ინტელექტი თავის საქმიანობაში გამოიყენოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუ არ გამოვიყენებთ - ჩამოვრჩებით. პირადად ჩვენ ავტომატიზაციის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, HR-ის და კარიერული ზრუნვის, სადაც ჩვენ შევქმენით AI აგენტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, არჩევს CV-ებს და ა.შ. პროცესში ადამიანის ჩარევა აუცილებლად საჭიროა. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს გარკვეულ წესებს ვაძლევთ და ამ წესების მიხედვით ახორციელებს მოქმედებებს. რა თქმა უნდა, სანამ ის საბოლოო პასუხი გახდება ადამიანმა უნდა გადახედოს. ხელოვნური ინტელექტის გაკეთებულ საქმეს, რომ ბრმად ვენდოთ - ეს ამ ეტაპზე ძალიან ადრეა. 

ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ცალსახად აქტიურად იყენებენ, რაც შეეხება ტრადიციულ ბიზნესს - აქაც ინტერესი დიდია და ჩვენ მათ კონსულტაციებს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ასწრაფებს სამუშაო პროცესს და ადამიანურ რესურსს საშუალებას აძლევს არა რუტინულ, არამედ განვითარებაზე და კრეატიულობაზე გააკეთოს აქცენტი. 

უახლოეს პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ალბათ, თვისობრივად შეიცვლება ბაზარი და თუ აქამდე დამწყები იურისტი აქამდე რაღაც ხელშეკრულებებს ამზადებდა - ეს უკვე აღარ იარსებებს და ამას ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს", - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

წყარო: ბიზნესპარტნიორი