გასული 2024 წლის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა. 2024 წლის განმავლობაში ლარს გაუფასურების ორი ტალღა ჰქონდა, ორივე პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული - პირველი გაზაფხულზე, რაც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ რუსული კანონის დაბრუნებას მოჰყვა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარამდეც გაიზარდა, თუმცა შემდგომში ზაფხულის თვეებში მისი კურსი კვლავ 2.70-ის მიდამოს დაუბრუნდა. გაუფასურების მეორე ტალღა დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ.
წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების შემდეგაც, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასასტაბილურებლად არა ერთი ინტერვენცია განახორციელა.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა უფრო სენტიმენტებს ემყარება.
,,,ჩვენი შეფასებით, საუბარია უფრო მეტად სენტიმენტებზე, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუარესებაზე, მიმდინარე მონაცემებიდან ეს ნამდვილად ჩანს. მართალია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და სავალუტო შემოდინებების კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმის ზრდის ტემპი ასევე შენელებულია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ იგივე გზავნილების ექსპორტის მიმართულებით დინამიკა არ შეცვლილა, რადგანაც ამ მიმართულებებით გარე ფაქტორებია განმსაზღვრელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების გამო შენელდა იმპორტიც, რაც მასშტაბის გათვალისწინებით ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი მონაცემით, პირველადი მოხმარების საგნებისგან განსხვავებით, უფრო გრძელვადიანი მოხმარების პროდუქცია, როგორიცაა ვთქვათ, ელექტრონიკა, ავეჯი და სხვა, აქ უფრო მეტი კლება შეიმჩნევა. უცხოური ინვესტიციები, ზოგადად საგარეო დაფინანსებაც მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შემოდინებების ეს წყარო ძირითადი მაინც არ ყოფილა", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
„სავალუტო ბაზარზე რა დინამიკაცაა, უფრო სენტიმენტების გამოხატულებაა, რაც ხშირად კონვერტაციებში ჩანს. ბოლო მონაცემი გამოქვეყნდა და ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკიც ოქტომბრის მერე უფრო შესყიდვების მხარესაა ანუ ვალუტას უფრო ყიდულობს, ვიდრე ყიდის. მოლოდინების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია, საით წავა დოლარი საერთაშორისო მასშტაბით, აზრთა სხვადასხვაობაა, იგივე ტრამპის პოლიტიკიდან და სხვადასხვა გლობალური დინამიკიდან გამომდინარე. მათ შორის, დასრულდება თუ არა კონფლიქტები, რაც უფრო დოლარის საწინააღმდეგო არგუმენტია, მაგრამ ტარიფები უფრო გამყარების არგუმენტად უნდა მივიჩნიოთ. ადგილობრივ დინამიკაში რაც იკვეთება, მცირედი გაუფასურება ჩვენს პროგნოზშიც იყო, მაგრამ მკვეთრი გაუფასურების სცენარს ამ ეტაპზე, როგორც საბაზოს არ განვიხილავთ", - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ და ასევე გაამახვილა ყურადღება თიბისი კაპიტალის “ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის” ჩარჩოზე - “საბაზო სცენარი ყოველთვის საბაზო სცენარია და რასაკვირველია ალტერნატიული სცენარებიც არსებობს, სხვადასხვა მიმართლებით. ამ მხრივ, ჩვენი ჩარჩოს შესაბამისად, მე მაინც ყოველთვის დივერსიფიცირებაზე გავაკეთებდი არჩევანს, როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების მხრივ, ვიდრე როგორც არაერთ შემთხვევაში ხდება, როდესაც ერთი ვალუტიდან მთლიანად მეორე ვალუტაში ხდება გადასვლა. თავისთავად, დივერსიფიცირებისას, სხვადასხვა პერიოდში, კონკრეტული წილების განსაზღვრა მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორც ლარის, ასევე ევრო/დოლარის კუთხით, თუმცა ეს უკვე უფრო ვრცელი განხილვის თემაა, რაც პერიოდულად, ჩვენს პუბლიკაციებში არის ხელმისაწვდომი”.