მსოფლიოში სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნებს საგადასახადო ტარიფებს უწესებს, მიდგომა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია. ყველაზე დაბალი ზღვარი 10%-ია, რომელშიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად, მოჰყვა საქართველოც. გადაწყვეტილებამ მსოფლიო დღის წესრიგი შესაძლოა, საერთოდ შეცვალოს და პირველი შედეგი, როგორც ეკონომისტები ელიან, თავად აშშ-ში იქნება. 

ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - მეტად მაღალი განაკვეთი დაუწესდებათ.

მაგალითად, აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება. ევროკავშირს - 20%, ვიეტნამს - 46%, ტაივანს - 32%, იაპონიას - 24%, ინდოეთს - 26%, სამხრეთ კორეას - 25%, ტაილანდს - 36%, შვეიცარიას - 31%, ინდონეზიას - 32%, მალაიზიას - 24%, დიდ ბრიტანეთს - 10%, ისრაელს - 17%, სამხრეთ აფრიკას - 30%.

საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ასევე, უკრაინას 10%-იანი ტარიფი დაუწესდება. ყველა ქვეყანასთან გადაწყვეტილება ძალაში 5 აპრილიდან შევა.

ამერიკის ამ გადაწყვეტილებას სავაჭრო ომი უწოდა ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ და თან განაცხადა, რომ შედეგი, პირველ რიგში, აშშ-ში დადგება, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდას გულისხმობს.

"ამ ყველაფერს შეიძლება დავარქვათ სავაჭრო მსოფლიო ომი, რომელიც ამერიკამ გამოუცხადა დანარჩენ მსოფლიოს. ევროკავშირთან ძალიან მაღალ ტარიფებს ტრამპმა გამოსვლისას თავისი არგუმენტაცია მოაყოლა, რომ მათ ევროკავშირი ძარცვავდა და ა.შ. ეს განპირობებულია იმით, რომ ამერიკას ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო სალდო, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა, მხოლოდ უარყოფით სალდოსგან არ არის გამოწვეული.

ტრამპის კურსი არის ამერიკაში ეკონომიკის რეალური სექტორის გაზრდა, რომელიც წლების მანძილზე მცირდება, 60-იანი წლებიდან მოყოლებული. ამერიკის ეკონომიკა თანდათან იქცა მომსახურების ეკონომიკად და არა რეალურ და მრეწველობის ეკონომიკად.

ამ ყოველივეს, პირველ რიგში, შედეგი თავად ამერიკის შიგნით მოჰყვება, რაც გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას, რადგან აშშ ერთ-ერთი ყველაზე მეტად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. რამდენად გამოიწვევს მრეწველობის დაბრუნებას და ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდას, ძნელად სათქმელია, ვინაიდან რამდენად არიან ახლა შეერთებულ შტატებში საკმარისი რაოდენობის კვალიფიკაციური კადრები? ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიცირებას და ფულის ხარჯვას არ ნიშნავს, მას სჭირდება სერიოზული საკადრო უზრუნველყოფა, რომელიც ამერიკას, დიდი ალბათობით, არ ჰყავს. ის ხალხი, რომელიც 50-60-იან წლებში ამერიკაში დაზგებთან მუშაობდა, ეკონომიკის რეალურ სექტორს ქმნიდა, აღარ არიან ან გაიფანტნენ, ან მათი დეკვალიფიკაცია მოხდა.

აშშ-მ საკადრო დეფიტიცის აღმოფხვრის მიზნით შესაძლოა, დაიწყოს ტვინების მიტაცება, რასაც წარმატებით ახორციელებდა მე-19 საუკუნის მეორე და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. სწორედ იმ ხალხმა შექმნა ამერიკის მძლავრი ეკონომიკა, რომელიც მსოფლკიო მრეწველობის თითქმის 40% იყო 50-იანი წლების დასაწყისში.

საქართველოზე ამ გადაწყვეტილებას მაინც და მაინც არსებითი ზეგავლენა არ ექნება, რადგან აშშ-ში ბევრი არაფერი გაგვაქვს. ის არ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, ამდენად საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს.

სხვათა შორის, სატარიფო სიაში არ არის რუსეთი. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ისედაც სანქციები აქვს დაწესებული და ვაჭრობა თითქმის განულებულია. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთთან დიდი დაპირისპირება. პირველ რიგში, თავად აშშ-ში დაიწყება ამ პროცესების ზეგავლენა”, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა გარკვეული საქონლის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახალი ტარიფებისგან თავისუფლდება. ახალი ტარიფები, რომლებიც 5 აპრილიდან ამოქმედდება, არ შეეხება შემდეგ პროდუქციას: ფარმაცევტული პროდუქტები, ნახევარგამტარები, ხის მასალა, სპილენძი და ოქრო, ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია.

ამასთან, ალუმინისა და ფოლადის პროდუქტები, ავტომობილები და ავტოკომპონენტები, ასევე, გათავისუფლებულია ახალი ტარიფებისგან, რადგან მათზე წინა ტარიფები ისედაც მოქმედებს.

აშშ-ს გადაწყვეტილების მოსალოდნელ გარემოებებზე ისაუბრა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და განცხადა, რომ ტარიფის დაწესება უკვე ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპმა დაიწყო მსოფლიოსთან ჰიბრიდული ომი.

"საქართველო 10%-იან ბარიერში მოჰყვა. აქედან გასული პროდუქცია დაიბეგრება დამატებით. საქართველოს, თუ არ ვცდები, დაახლოებით 12 მილიონამდე პროდუქცია გაჰქონდა. ეს არის ღვინო, მტკნარი წყლები, ფეროშენადნობები. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით შეფერხდება ჩვენი ვაჭრობა, რადგან სხვა ქვეყნებისთვის უფრო მაღალი ტარიფია დაწესებულია, მაგრამ, ყველა შემთხევაში რაღაცაწილად იმოქმედებს.

უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღით, ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდება, ინდექსები დაეცემა, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყებს მატებას. ინფლაციის დონე გაიზრდება თავად ამერიკაში, ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის ზრდა და დოლარის გაძვირება.

არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყნებმა საპასუხო ტარიფები დააწესონ. მიუხედავად იმისა, რომ სინ ძი პინმა გააფრთხილა ტრამპი, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ ჩინეთი მაინც მოაყოლეს ამ სიაშია. ვფიქრობ, სარკისებურად ჩინეთიც დააწესებს ტარიფებს აშშ-სთვის”, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

საპასუხო ნაბიჯებს მოელის "პიემისის" კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანიც, რომლის აზრითაც, გლობალურად „ტარიფების ქარიშხალს“ გამოიწვევს.

„აქამდე ამერიკა იყო ღია თავისუფალი ვაჭრობის პიონერი სახელმწიფო და ამ ტიპის ვაჭრობის მთავარი დამცველი. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც წინ უძღოდა მცირე ზომის მსგავსი გადაწყვეტილებები, ამერიკა პროტექციონიზმის საუკეთესო ნიმუში გახდა და არსებული სავაჭრო სისტემა 180 გრადუსით შემოაბრუნა.

უკვე მრავალი ქვეყანა და ბლოკი ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ მოხდება სარკისებური განაკვეთის დაწესება და ეს გლობალურად ტარიფების ქარიშხალს გამოიწვევს. 2025 წლის 2 აპრილი შესაძლოა, ახალი დიდი სავაჭრო ომის ათვლის წერტილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა 'ბიზნესპრესნიუსთან” და საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ მწარმოებლებს საქონლის ექსპორტი გაუძვირდეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "გირჩი" ამტკიცებს, რომ ტრამპის ტარიფებზე ერთადერთი სწორი პასუხი საკუთარი ტარიფების გაუქმებაა. მათივე მტკიცებით, ეს ეკონომიკურად სწორი სვლაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელიც მოჰყვება. პარტიას მაგალითად მოჰყავს სხვა ქვეყნის მაგალითები და მიუთითებს, რომ თუ საქართველოც მათ მსგავსად მოიქცევა, მიიღებს შანსს, სრულად გახსნას აშშ-ს ბაზარი, საქართველოს მოქალაქეებს კი გაეხსნებათ თავისუფალი წვდომა ამერიკულ პროდუქციაზე.

"ისრაელის მთავრობამ ტარიფები უკვე გააუქმა. ვიეტნამის მთავრობამ გამოთქვა ამის მზადყოფნა და ტრამპთან შემდგარი საუბრის შედეგად თავისუფალი ვაჭრობისკენ სვლაზე შეთანხმდა. იგივე მიმართულება აირჩია არგენტინამ, სადაც ასევე დაიწყო ტარიფების გაუქმება.თუ საქართველოც შეუერთდება ამ ქვეყნებს, ჩვენ მივიღებთ შანსს, სრულად გავხსნათ აშშ-ს ბაზარი და ჩვენს მოქალაქეებს გავუხსნათ თავისუფალი წვდომა ამერიკულ პროდუქციაზე. ამისთვის, საჭიროა აშშ-თან ვაჭრობაში გაუქმდეს როგორც უშუალოდ სავაჭრო ტარიფები, ასევე 18%-იანი დღგ, რომელსაც იხდიან ჩვენი კომპანიები და ჩვენი მოქალაქეებიც, ე.წ. 300 ლარიან ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.წარმოიდგინეთ, რა შანსი გვაქვს: ერთი მხრივ, ვიყიდოთ უამრავი პროდუქცია ამერიკიდან ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ახლა ვყიდულობთ, მეორე მხრივ კი, ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ შანსი ივაჭრონ ამერიკაში ბარიერებს გარეშე! და თან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების ფონზე. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს? და ვინ იტყვის ამ შანსზე უარს, თუ არა ქვეყნისთვის ბოროტის მოსურნე?" - წერია მათ პოსტში," - ამბობენ "გირჩში".

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიო ლიდერებმა უკვე გააკრიტიკეს და "მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმა" უწოდეს.

ასე მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ტრამპის მოკავშირემ, ჯორჯა მელონიმ პირდაპი თქვა, რომ გადაწყვეტილება "არასწორია", თუმცა იტალია მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან შეთანხმებაზე, რათა სავაჭრო ომი თავიდან იქნეს არიდებული.

ტრამპის ტარიფები გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც და განაცხადა, რომ ესპანეთი "ღია სამყაროს" ერთგული რჩება. ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, მაიკლ მარტინი კი ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დასანანია და სარგებელს არავის აძლევს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობას, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის გარკვეული ტარიფები. მისი თქმით, სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.

„სწორედ ამიტომ, ტარიფებზე, დაუყოვნებელი პრიორიტეტია სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო შეთანხმებისთვის ბრძოლა. სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა. ეკონომიკური შედეგები, აქ და მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ღრმა. ჩვენ უკვე გვაქვს დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და მუშაობა გრძელდება ახალი ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმებაზე“, - აცხადებს სტარმერი.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

„მხოლოდ მაშინ დავდებ შეთანხმებას, თუ ეს სწორი იქნება ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და გავაგრძელებ თავისუფალი და ღია ვაჭრობის დაცვას, რადგან ახლა ამისთვის ზურგის შექცევა სერიოზული შეცდომა იქნება“, - წერს სტარმერი.

ოფიციალური მალევე არ გაუკეთებია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, თუმცა გადასახადებით დაზარალებულ ბიზნესსექტორთან შეხვედრას გამართავს, თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ერიკ ლომბარდმა თქვა, რომ ევროკავშირმა არ უნდა უპასუხოს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს იმავე ზომებით. 

„ჩვენ ვმუშაობთ საპასუხო ზომების პაკეტზე, რომელიც შეიძლება გასცდეს ტარიფებს, რათა მოვიყვანოთ აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას. ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რასაც შეერთებული შტატები, თუ გამოვიყენებთ ტარიფებს ყველა ამერიკული იმპორტის მიმართ, ჩვენც გვექნება უარყოფითი ეფექტი ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც გამოვცდით ინფლაციის ზრდას და ეკონომიკის შემცირებას“, – განაცხადა ლომბარდმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტარიფების საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, რომ აშშ-ში შეჩერდეს ფრანგული ინვესტიციები იქამდე, ვიდრე სიტუაცია გაირკვევა. როგორც მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით ლომბარდმა განაცხადა, კომპანიებს აქვთ თავისუფლება, გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში.

ექსპერტების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფები ყველაზე დიდ დარტყმას საბერძნეთის აგროსასურსათო პროდუქციას მიაყენებს, რადგან ის ქვეყნის საექსპორტო კალათის დაახლოებით 31%-ს შეადგენს. ამ კალათაში უდიდესი ადგილი სუფრის ზეთისხილს უკავია, რომლის საექსპორტო ღირებულება 212 მილიონი ევროს აღწევს. დარგის წარმომადგენელთა განცხადებით, 2024 წელს კომპოსტის (ორგანული სასუქი - რედ.) ექსპორტის ღირებულებამ 88 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ყველის ექსპორტმა 74 მილიონ ევროს მიაღწია, თანაც შეკვეთები ჯერ კიდევ შესასრულებელია. ასევე რისკის ქვეშ აღმოჩნდა ბერძნული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოცულობა მხოლოდ 19 მილიონ ევროს შეადგენს, აშშ-ს ბაზარი მისთვის საკმაოდ მომგებიანია, რადგან ბერძნული ღვინის საშუალო ფასი იქ საკმაოდ მაღალია.

"გაუმართლებლად" შეაფასეს ტრამპის გადაწყვეტილება აზიაშიც.

იაპონიაში აცხადებენ, რომ 24%-იანი ტარიფის დაწესება დასანანია და არსებობს რისკებიც, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციისა და აშშ-იაპონიის შეთანხმებას.

ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის 32%-იანი ტარიფის დაწესების გამო აღნიშნა, რომ ტაივანის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონთან მოლაპარაკებების ჩანიშვნა იგეგმება. იმავეს აპირებს ტაილანდიც.

10 აპრილიდან ჩინეთი აშშ-ს დამატებით 34%-იან ტარიფს დაუწესებს. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფები „არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს“. ამაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა., რომ  "ჩინეთმა არასწორად ითამაშა და პანიკაში ჩავარდა". 

„ჩინეთმა არასწორად ითამაშა, ისინი პანიკაში ჩავარდნენ, ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთების უფლებაც საკუთარ თავს არ უნდა მისცენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

კრიტიკა გაჟღერდა ტრამპის მისამართით იმ ქვეყნების ლიდერებისგანაც, რომლებსაც მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ 'გაუმართლებელი ტარიფებისთვის ყველაზე ძვირ ფასს ამერიკელი მოსახლეობა გადაიხდის".

ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანა იბრძოლებს, რათა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს და სატარიფო დარტყმა შეარბილოს.

ლათინური ამერიკის შემთხვევაში, რეგიონის უდიდესმა ეკონომიკამ, ბრაზილიამ, უკვე დაადასტურა კონგრესში კანონი, რომელიც ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფებისთვის საპასუხო ზომებს განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მეზობელი, კანადა და მექსიკა, ტრამპის მიერ მოხსენიებული არ იყვნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის შემთხვევაში დაეყრდნობიან უკვე გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც ქვეყნებს ისედაც 25%-იან გადასახადს აკისრებს.

ოდნავ სხვა პოზიცია, უფრო რბილი შეფასება აქვს ოფიციალურ ანკარას. 

დიპლომატიური და მოზომილია ინდოეთიც, რომელიც, სვარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და ამ ეტაპზე, საბაჟო გადასახადების შემცირების მიზნით, აშშ-სთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებზე კონცენტრირებას ცდილობს. ოფიციალური დელის მიზანი აშშ-სთან სამართლიანი და დაბალანსებული სავაჭრო შეთანხმების მიღწევაა. ქვეყნის ოფიციოზი "განხილვისთვის ყველა ვარიანტი ღიაა" და მოლაპარაკებები შეეხება როგორც საქონელს, ისე მომსახურებას. ინდოეთს აშშ-მა 26%-იანი ტარიფები დაუწესა, რაც ინდოელი ექსპორტიორებისთვის მძიმე დარტყმაა. ქვეყნის პრემიერიმინისტრი ნარენდრა მოდი და აშშ-ს პრეზიდენტ შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომამდე ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას გამართავენ.

რაც შეეხება, გლობალურ ბაზრებზე გავლენას,  ტრამპის ეკონომიკურმა რევოლუციამ საფონდო ბირჟებზე აქციების ვარდნა გამოიწვია.

ტარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მივმართავ ბევრ ინვესტორს, რომლებიც შემოდიან შეერთებულ შტატებში და დებენ უზარმაზარ თანხებს, ჩემი პოლიტიკა არასოდეს შეიცვლება. ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი.

WTO ამბობს, რომ აშშ–ის ტარიფებმა შესაძლოა გლობალური ვაჭრობა შეამციროს. როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა იუწყება,  აშშ-ს მიერ გამოცხადებულმა ახალმა ტარიფებმა, მათთან ერთად, რაც წლის დასაწყისში შემოიღო, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური საქონლის ვაჭრობის მოცულობის შემცირება 2025 წელს დაახლოებით 1%-ით.  ორგანიზაციის ცნობით, WTO მართავს გლობალური ვაჭრობის 74%-ს, რაც წლის დასაწყისში დაახლოებით 80%-დან შემცირდა ბოლო ტარიფების გამო.

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ნულოვან ტარიფებს იმედოვნებს.

„იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის,“ – თქვა მასკმა იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან დისკუსიის დროს.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი თავისუფლება ხალხისთვის, რათა მარტივად გადაადგილდნენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, თუ მათ ეს სურთ.

„ეს ნამდვილად ვურჩიე პრეზიდენტს“, – ამბობს მასკი.

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აკრიტიკებს ევროპას მისი რეგულაციების გამო, რადგან მასკის აზრით, „ევროპა ცუდი ადგილია ახალი ბიზნესის დასაწყებად“.

წყარო: "რეზონანსი"