Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთი, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და ამ ეტაპზე საბაჟო გადასახადების შემცირების მიზნით აშშ-სთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებზე იქნება კონცენტრირებული.
გამოცემის წყაროს თქმით, ინდოეთის მიზანი აშშ-სთან სამართლიანი და დაბალანსებული სავაჭრო შეთანხმების მიღწევაა. ოფიციალური პირის ცნობით, "განხილვისთვის ყველა ვარიანტი ღიაა" და მოლაპარაკებები შეეხება როგორც საქონელს, ისე მომსახურებას.
გასულ კვირას ტრამპმა ინდოეთს 26%-იანი ტარიფები დაუწესა, რაც ინდოელი ექსპორტიორებისთვის მძიმე დარტყმაა.
ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტისას, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და აშშ-ს პრეზიდენტ შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომამდე ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.
ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.
ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.
"ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს". - თქვა ტრამპმა.
წყარო: "ტაბულა"