10 აპრილიდან ჩინეთი აშშ-ს დამატებით 34%-იან ტარიფს დაუწესებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფები „არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამატებითი 34%-იანი ტარიფები 10 აპრილს ამოქმედდება.

ჩინეთმა არასწორად ითამაშა და პანიკაში ჩავარდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩინეთმა არასწორად ითამაშა, ისინი პანიკაში ჩავარდნენ, ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთების უფლებაც საკუთარ თავს არ უნდა მისცენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ჩინურ საქონელზე დამატებით 34%-იანი ტარიფი დააწესა, იმ 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მოქმედებდა. დღეს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, ჩინეთი აშშ-ს 10 აპრილიდან დამატებით 34%-იან ტარიფს დაუწესებს.