ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა დაესწრო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამარ იოსელიანის განცხადებით, TAV Airports-ის საქართველოში 20 წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ TAV Airports-ის საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს. ეს არის ნამდვილად, საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი სირთულე ჩვენი აეროპორტების განვითარების გზაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში TAV Airports-მა მოღვაწეობა დაიწყო იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი სულ რაღაც 550 ათასამდე მგზავრი იყო. ახლა კი გავიზარდეთ და წლიურად ვემსახურებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურეს, რაც სექტორის უპრეცედენტო განვითარებას უსვამს ხაზს.
ტავ ჯორჯია - TAV Airports-ის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ განხორციელდა. TAV Georgia აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს