საქართველოში შესაძლოა, „პურის ინდექსი“ შეიქმნას - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, ხორბლის გაიაფების ფონზე, პურის გაძვირება, მასში შემავალ სხვა ინგრედიენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება.
„პურის კალკულაციაში გარკვეული პროცენტული შემადგენლობები შეიცვალა, მათ შორის - რუსეთში, რომელიც ჩვენთვის უმთავრესი მომწოდებელია. მიზეზი იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფქვილის ფასი მცირდება, ხოლო პურის - იზრდება, ისაა, რომ წინა პლანზე წამოიწია სავაჭრო დანამატებმა, ასევე გაძვირდა მარილი, საფუარი, წყალი და ენერგომატარებლები.
ბევრი ფიქრობს, რომ ფქვილი პურის შემადგენელი წილის უდიდეს ნაწილს მოიცავს, თუმცა ასე არაა - რუსეთში გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, პურის შემცველობაში ფქვილის წილი 20%-ია. ასე რომ, ფქვილის გაიაფება, ავტომატურად პურის გაიაფებას არ უნდა ნიშნავდეს და არც ნიშნავს. ჩვენთან ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და ზუსტი პროცენტულობაც არ ვიცით და კარგი იქნება, გავიგოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, უფრო კონკრეტულ და სწორ ანალიზს გავაკეთებთ“, - აღნიშნა სილაგავამ.
მეხორბლთა ასოციაციამ ინიციატივა „პურის მწარმოებელთა ასოციაციასაც“ გაუზიარა და როგორც სილაგავ ამბობს, მათგანაც მოწონებაც დაიმსახურა.
„ხაჭაპურის ინდექსს“ კომპანია ISET-ი ადგენს, ჩვენ მათ იდეას ვუზიარებთ და გამოვთქვამთ სურვილს, რომ „პურის ინდექსიც“ შეიქმნას - მით უმეტეს, რომ ამ ორ პროდუქტში საკმაოდ ბევრი კომპონენტი იკვეთება და დამატებით სულ რამდენიმეზე მოუწევთ მუშაობა. ISET-ი იმიტომ ვახსენე, რომ კარგი იქნება, ასეთი კვლევა მაღალი ლეგიტიმაციის რომელიმე კვლევითა ორგანიზაციამ გააკეთოს. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ პურის გაძვირებისას თუ გაიაფებისას, კონკრეტულად ვიცოდეთ, ამ პროცესს რომელი შემადგენელი პროდუქტის ღირებულების ცვლილება განაპირობებს“, - აღნიშნა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ლევან სილაგავამ.