პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR" ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.

7-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები, HoReCa სექტორის, მედიის და „People PR” -ის წარმომადგენლები. სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეს უკვე პოლონელი ღვინის პროფესიონალების მეორე ტური იყო საქართველოში.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობს. სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ასევე საქართველოში ეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს