საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.
„საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.