საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე, რომელიც 0:1 წავაგეთ და პირველად ისტორიაში, შესარჩევი ციკლი უგოლოდ დავასრულეთ.
„კრიტიკა უნდა მივიღოთ, როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს. ერთი დიდი ციკლი დასრულდა, ამიტომ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სხვა შემართებით და მენტალიტეტით – წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, ამისთვის მადლობა, მაგრამ ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები, რადგან ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა.
ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და გაგრძელდება. მარტში ისეთ საქართველოს ნაკრებს ნახავთ, როგორიც იყო 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, როცა მთელი ქვეყანა ერთიანი იყო, ყველას ძალიან გვჭირდება ერთიანობა.
შეცდომები ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს.
გასახდელში ვისაუბრეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, ისეთი შემართებით და ანთებული თვალებით, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ვისაუბრე, პირველ რიგში, მენტალურ მხარეზე და ფეხბურთელები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, შემდგომში ნაკრებში არ იქნებიან.
პირველ ნომრად თამაშს ვცდილობდით, მაგრამ ბოლო ფაზაში პრობლემები გვქონდა. სხვა ახსნას ვერ მოუვუძებნი იმ ფაქტს, რომ ექვს თამაშში ერთი ბურთიც ვერ გავიტანეთ. ეს ნორმალური არაა და ამის ახსნა არ მაქვს. გუნდის შენებისას ყველაფერი ბურთის ფლობიდან იწყება, ნელ-ნელა დაგვიბრუნდებიან წამყვანი ფეხბურთელები და ხარისხი მოგვემატება, რაც ძალიან გვჭირდება.
ჩვენი მენტალური მხარე დღევანდელ ფეხბურთს არ უხდება. უნდა გამოსწორდეს გულშემატკივართან კავშირი და ერთიანობა უნდა დავიბრუნოთ. ყველა ერთად ვხედავთ, როგორ გვაკლდება ქომაგი სტადიონზე თამაშიდან თამაშამდე. გულშემატკივარი სტადიონზე კარგ პერიოდში მოდის. ასე იყო ყოველთვის. ვალდებულები ვართ, მათ რეაქციას ვუპასუხოთ კარგი თამაშით და ერთიანობით, რომელიც ამ შეკრებაზე ნამდვილად შეინიშნებოდა, თუმცა საკმარისი მაინც არ იყო.
ქირურგიულ ჩარევაში ვიგულისხმე არა რომელიმე ინდივიდი, მთლიანი ცვლილება, როგორც სუფთა საფეხბურთო, ფსიქოლოგიური, მენტალური, არამარტო შეკრებაზე – ყველაფრის ცვლილება და ისე გაკეთება, როგორც წარმომიდგენია. ვცდილობთ, რომ შევიცვალოთ, დაწყებულია მუშაობა.
გარწმუნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჭაობში არ დაეშვება. მარტში გვექნება პლეიოფი, რომელსაც დავძლევთ. ფაქტია, A დივიზიონისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ გვაქვს პოტენციალი, რომ B დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ და ხარისხი გავზარდოთ.
ძალიან კარგად ვიცოდი, თუ სად მოვდიოდი. ყველა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პერიოდი დავძლიოთ, კრიზისების დაძლევის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს. ეს ტვირთი ჩემზე მოდის, მე უნდა ვზიდო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა შეგვიძლია. რაზეც ვმუშაობთ, ის თუ შესრულდება, გარწმუნებთ, რომ მარტში აბსოლუტურად განსხვავებულ ნაკრებს ნახავთ“.