საქართველოს მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციების წინმსწრებად გამოსყიდვისა და ახალი ვალის განთავსების პროცესი დაიწყო. Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ამ ნაბიჯს „პრევენციულ აუცილებლობად“ აფასებს, თუმცა მიუთითებს, რომ ქვეყნისთვის საგარეო ვალის მომსახურება მნიშვნელოვნად ძვირდება.
როგორც ის BMG-სთან განმარტავს, ევრობონდების რეფინანსირებაზე გადაწყვეტილება დროულია, რათა ქვეყანამ აპრილში მოსალოდნელი ე.წ. „სავალო კედელი“ აიცილოს. მისი თქმით, საქართველო ამ პროცესს ძლიერი მაკროეკონომიკური პოზიციებიდან - 5%-იანი ზრდისა და $6 მილიარდზე მეტი სარეზერვო ბუფერის პირობებში ხვდება.
თუმცა, მიხეილ კუკავა ხაზს უსვამს მთავარ გამოწვევას - საპროცენტო განაკვეთის მკვეთრ ზრდას. თუ 2021 წელს ნომინირებული ობლიგაციების განაკვეთი 2.75% იყო, ახალი ფასიანი ქაღალდების სავარაუდო ფასი 5.3%-5.9%-ის ფარგლებში იქნება.
„უარყოფითი მხარე არის ის, რომ დავალიანების მომსახურება მნიშვნელოვნად ძვირდება. განაკვეთის ზრდა ფაქტობრივად აორმაგებს საპროცენტო ტვირთს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო რისკის პრემიის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას, ისინი ვერ გაექცევიან გლობალურ რეალობას. საქართველოში იაფი ფულის ერა ოფიციალურად დასრულდა“, - ამბობს მიხეილ კუკავა BMG-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად გლობალური ბანკების (Citigroup, J.P. Morgan, Société Générale და სხვა) ჩართულობისა, რაც ტრანზაქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა, არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო ვერ აკონტროლებს.
„მთავარი რისკი ფასის შესაძლო გადამეტებაა. გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ჩვენი დემოკრატიის ხარისხმა, რომლის მიმართაც ნდობა დაბალია, შეიძლება კონსერვატიული ინვესტორები დააფრთხოს. ეს კი განაკვეთს 6-პროცენტიან ზღვართან მიაახლოებს“, - აღნიშნავს კუკავა.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია სავალუტო რისკიც, რადგან დოლარში აღებული ვალის მომსახურება პირდაპირ არის დამოკიდებული ლარში მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებზე.
ამჟამინდელი პროგნოზით, ვინაიდან აშშ-ის 5-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ია, ხოლო საქართველოსთვის სავარაუდო „სპრედი“ (სხვაობა) 1.5-2%-ს შეადგენს, ახალი ევრობონდების განთავსება 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
საქართველოს მთავრობა 2026 წლის აპრილში დასაფარი ევრობონდის გამოსყიდვის ოპერაციის დასრულებას 28 იანვრისთვის გეგმავს. პროცესში საერთაშორისო ბანკებთან ერთად ქართული „Galt & Taggart-ი“ და „თიბისი კაპიტალიც“ არიან ჩართული.