2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში 295.2 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 772.7 მილიონ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურად გზავნილების მოცულობა 8.2%-ით, ანუ 26.4 მილიონი დოლარით შემცირდა.

შემოსული თანხების 96.3% საქართველოს 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდიოდა, საიდანაც აგვისტოში თითოეულმა მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აგვისტოში საქართველოში 149.9 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 50.8%-ია. ამ მიმართულებით წლიური ზრდა 3.9% იყო.

ცალკეულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილები აშშ-დან შემოვიდა — 64.1 მილიონი დოლარი, რაც წლიურად 8.2%-იან ზრდას წარმოადგენს. მეორე ადგილზე იტალია იყო 55.2 მილიონი დოლარით, ზრდით 3.5%. გერმანიიდან 31.3 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც 6.8%-ით მეტია წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ხოლო საბერძნეთიდან — 28.2 მილიონი დოლარი, 12.4%-იანი ზრდით.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან გზავნილებშიც. აგვისტოში ამ ქვეყნიდან საქართველოში 27.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 24.9%-ით მეტია.

საპირისპირო ტენდენციაა რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემთხვევაში. აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 5.1 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 87.7%-იან კლებას ნიშნავს. 80.4%-ით შემცირდა გზავნილები ყირგიზეთიდანაც, საიდანაც აგვისტოში 2.2 მილიონი დოლარი ჩაირიცხა.

ამასთან, აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში 33.6 მილიონი დოლარი, ანუ 88 მილიონი ლარი გადაიგზავნა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, როდესაც ქვეყნიდან 35.7 მილიონი დოლარი გავიდა, მაჩვენებელი 5.8%-ით შემცირდა.