„საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანას, საკვანძო ფუნქცია აქვს რეგიონში სტაბილური და საიმედო ენერგოტრანზიტის უზრუნველყოფისთვის. მეტიც, ბოლო ათწლეულებში, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. დღეს ენერგეტიკული უსაფრთხოება აღარ არის რეგიონალური საკითხი, ეს არის გლობალური აუცილებლობა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ რუმინეთის ქალაქ ბუქარეტში მიმდინარე ასპენის ენერგეტიკულ სამიტზე (ASPEN ENERGY SUMMIT) სიტყვით გამოსვლისას. მან მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც გეოპოლიტიკასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი მწვანე ენერგეტიკის განვითარებაზე გააკეთა. „საქართველო მდიდარია მწვანე განახლებადი რესურსებით. მათი ათვისება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამავე დროს, ჩვენი მიზანია უფრო აქტიურად ჩავერთოთ როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების პროცესში,“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლითაც გაძლიერდება საქართველოს პარტნიორობა როგორც ევროკავშირთან, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებთან ენერგეტიკის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე შეხვედრა გამართა რუმინეთის ენერგეტიკული კომპანიის „ტრანსელექტრიკას“ ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა თანამშრომლობა  შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ფარგლებში. მინისტრის მოადგილე ასევე დაესწრო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს ANRE -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელმოწერას.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს