ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აფხაზეთის ე.წ. კულტურის ცენტრი გაიხსნა, ღონისძიება კი სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის შენობაში ჩატარდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. კულტურის სამინისტროსა და აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ღონისძიებას, მათ შორის, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრი, დაურ კოვე და სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები დაესწრნენ.

სააგენტო АПСНЫПРЕСС-ის თანახმად, ღონისძიება სამხრეთკორეელმა დეპუტატმა, ან ჰო-იუნგმა დამსწრეებს ცენტრის გახსნა მიულოცა და სამხრეთ კორეასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის კულტურული და ეკონომიკური გაცვლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ვთვლი, რომ ცენტრი, რომელიც იხსნება, აქტიური ურთიერთობებისთვის მოედნად იქცევა". - თქვა ან ჰო-იუნგმა.

გარდა ამისა, АПСНЫПРЕСС-ის მიხედვით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა "ახალ პერსპექტივებს" შესაძლებელს ხდის.

"მოცემული ნაბიჯი ახალ პერსპექტივებს ხსნის ერთობლივი პროექტებისა და ჰუმანიტარულ სფეროში პროდუქტიული დიალოგის გაფართოებისთვის, რაც ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების გამყარებას ხელს უწყობს". - თქვა კოვემ.