პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ხორბლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს, მისი ნახევარი მაინც ადგილზე უნდა აწარმოოს.
როგორც მან რადიო „კომერსანტთან“ აღნიშნა, საქართველოს ხორბლის წარმოების კარგი პერსპექტივები აქვს და ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნის ნახევარი მაინც უნდა ვაწარმოოთ. საქართველოს ჯამში 600 000 ტონა ხორბალი სჭირდება წელიწადში. აქედან ნახევარი მაინც უნდა ვაწარმოოთ, არის ამის პერსპექტივა და ამაზე მუშაობს სამინისტრო. ვიცი, რომ კანზასის უნივერსიტეტის სპეციალისტები მოიწვიეს და ისინიც მონაწილეობენ ამ პროცესში. ასევე კარგი მეურნეობაა ლომთაგორაში, სადაც ხარისხიანი ხორბალი მოდის და იქ შესაძლებელია ჩვენი მოთხოვნის ნახევარი ვაწარმოოთ.
ასევე ხაშურის რაიონში, იყო ავსტრიული ჯიში ამიკუსი, რომლითაც 1 ჰა-ზე 7 ტონა ხორბალი მოვიდა და ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია. არსებობს ძალიან კარგი პერსპექტივები და ვნახოთ, ახლა სამუშაო ვითარებაა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.


