პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან რის გათვალისწინებას აპირებენ, კობახიძემ ასე უპასუხა:
„რაც შეეხება წამებას, მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც, კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები, 4 ოქტომბერს ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება. ამ მიმართულებით ზომები უკვე მივიღეთ, შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმულია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც რა თქმა უნდა, აქტიურ ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა პრაქტიკული პრობლემები იყო, პრემიერი პასუხობს, რომ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
„იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო აშკარად სახეზე და საჯაროდაც გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რომელ შემთხვევებს გულისხმობდა ის, პრემიერმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
„მაგალითად, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, ერთ-ერთი ახალგაზრდის, ერთ-ერთი პოლიტიკოსის შემთხვევა, ეს იყო გადაცდომაზე მეტი. სავარაუდოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიოთ, მე ვიტყოდი თავის შინაარსით დანაშაულებრივი გადაცდომები და ინციდენტები, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ზომები მივიღეთ იმისათვის, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო ასეთი რამ, ამის კიდევ ერთი დასტურია 4 ოქტომბერი. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტით მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადაცდომები“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, როგორც ვერ ამოიცნეს 4 პირიდან ვერავინ, კობახიძე ასე პასუხობს:
„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომავალში ასეთი მოვლენები აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 500-ზე მეტი ადამიანი მომიტინგეების მხრიდან უმძიმესი ფორმით ძალადობდა, აქედან მხოლოდ 30 მოძალადეა დაკავებული, ანუ დანაშაულებრივ ძალადობაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, 30 პირია დაპატიმრებული, რადგან გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რამდენი სპეცრაზმელი ძალადობდა მომიტინგეებზე, კობახიძე პასუხობს, რომ ასეთი 4 შემთხვევა იყო.
„4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა...როგავა, ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო და მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის შემთხვევა [მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობა]. ამ შემთხვევაში პოლიციელებთან არ გვქონდა ჩვენ საქმე, ამ შემთხვევაში ძალადობა განხორციელდა არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იქნებ ის ადამიანები გადაცმული იყვნენ, პრემიერმა უპასუხა, რომ სხვა შემთხვევებში ჩანდა, რომ ის ადამიანები პოლიციელები იყვნენ.
„დანარჩენ ოთხ შემთხვევაში მკაფიოდ ჩანდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, აქ ასეთი რამ არ ჩანდა, ამას ვგულისხმობ. მაღალი სტანდარტია, თქვენი მხრიდან, ანუ ოპოზიციის მხრიდან, 500-ზე მეტი ძალადობდა დანაშაულებრივი უმძიმესი ფორმით, აქედან მხოლოდ 30 პირი მიეცა პასუხისგებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ipn.ge