საქართველოდან ირანში ექსპორტმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 144 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 762.7%-იან ზრდას ნიშნავს,- ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემები მიუთითებს.
2025 წლის იანვარ-ივლისში ირანში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 16.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ზრდის უდიდესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტზე მოდის.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან ირანში მხოლოდ 4 ავტომობილი გაიტანეს, 2023 წელს — 14, ხოლო 2024 წელს — 33.
ავტომობილების ექსპორტის მკვეთრი ზრდა 2025 წლიდან დაიწყო. იმ წელს ირანში დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარის ღირებულების 209 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. 2026 წლის მხოლოდ შვიდ თვეში კი ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ 6 749-ს მიაღწია, მათი ჯამური ღირებულება კი 119 მილიონ დოლარს შეადგენდა.
გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის შედეგად, ირანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის მე-8 ადგილზე გადავიდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 3.1% იყო.
სანქციები და ავტომობილებით ვაჭრობა
ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ფართო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის საავტომობილო სფეროსაც, მოიცავს. თუმცა სანქციები ავტომობილების, მათ შორის მეორადი ავტომობილების, ირანში შეტანას სრულად არ კრძალავს.
აშშ-ის განმარტებით, სრულად აწყობილი ავტომობილების ირანში ექსპორტი თავისთავად ავტომატურად აკრძალულ ტრანზაქციად არ მიიჩნევა. კონკრეტულ გარიგებაზე შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ავტომობილის წარმომავლობის, ტრანზაქციის პირობებისა და მასში ჩართული პირების მიხედვით.
ირანთან სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელების საკითხზე ვაშინგტონის პოზიცია მკაცრია. 2026 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ვაჭრობის გამგრძელებელ ქვეყნებს 25%-იანი ტარიფები შეიძლება დაუწესდეთ.