„საქართველო გაზრდილი ტვირთების ტრანზიტისთვის სრულიად მოუმზადებელია“, - ამის შესახებ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა ზურაბ მაღრაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“, შუა დერეფნის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უდიდესი უპირატესობა ღია ზღვაზე გასასვლელია, რაც მას შუა დერეფნის ფარგლებში განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენს. საქართველოს ხელისუფლება და ბიზნესწრეები კი ამ პოტენციალის გამოსაყენებლად საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ.

„მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო ამისთვის სრულად მოუმზადებელია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური წრეები, საქმიანი ორგანიზაციები გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ იმისთვის, რაც უნდა დაიწყოს, აბსოლუტურად მოუმზადებელი ვართ“, - აღნიშნა მან.

როგორც მან განმარტა, კავკასიაში ტვირთბრუნვის შესახებ მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები სახელმწიფო სწორედ საქართველოა.

„ჩვენ თუ დავთვლით ცენტრალური აზიის, გალფის, სკანდინავიის, ვიშეგრადის, ოთხი აზიური ვეფხვის, კელტური ვეფხვის, აპენინის და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პლუს ამას ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკებს, ეს დაახლოებით $45 ტრლნ-ის მთლიანი შიდა პროდუქტია.

ერთი წყვილი ფეხსაცმლის წარმოება-რეალიზაციას დაახლოებით 72 ქვეყნის კომპანიების საქმიანობა სჭირდება და  წარმოიდგინეთ $45 ტრლნ-ის ღირებულების ტვირთების ბრუნვა. ეს რა თქმა უნდა, ვერ მოხდება კავკასიისა და საქართველოს გარეშე. 

ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზია არის ტვირთების წარმომქმნელი რეგიონი. ტვირთების გადამცემი არის საქართველო. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ღია ზღვა დანარჩენ სამყაროსთან, დანარჩენ ბაზრებთან მხოლოდ საქართველოს გააჩნია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტვირთმა საქართველოში უნდა მოიყაროს თავი. გარკვეულ ლოგისტიკურ სერვისებს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ჩრდილო კავკასიაც განახორციელებს მომავალში, მაგრამ ტვირთბრუნვაზე გადაწყვეტილებების მიღებას და საერთოდ ადმინისტრირებას განახორციელებს კავკასია, ცენტრით თბილისი", - განაცხადა ზურაბ მაღრაძემ.