„შუა დერეფანში“ ფასები შედარებით მაღალია. ამ ეტაპზე ტვირთი ფაქტობრივად იძულების რეჟიმით მოდის იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე დავითიძემ სასტუმრო „ბილტმორში“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ჩატარებულ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის პოტენციალსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი ტვირთნაკადის გამო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მაქსიმალური დატვირთვის მუშაობს, რათა ჩრდილოდერეფნიდან გადმომისამართებულ ტვირთნაკადს გაუძლონ.
„2021 წელთან შედარებით ტვირთის გამტარობა, საშუალოდ, 20%-ით გაზიარდა. სხვა დერეფნებთან შედარებით, ფასები შედარებით მაღალია. ამ ეტაპზე ტვირთი ფაქტობრივად იძულების რეჟიმით მოდის იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ არის. გვაქვს საკმარის დრო და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურაც გავაუმჯობესოთ და ხარისხიც, შედარებით დავწიოთ ფასები და ომის დასრულების შემდეგ, გარკვეული ტვირთი, რომელიც ამ მარშრუტზე გადმომისამართდება, შევინარჩუნოთ და დამატებით გავუწიოთ მომსახურება“, - განაცხადა ალექსანდრე დავითიძემ.
რაც შეეხება ტვირთებზე ფასების რეგულირებას, მისი თქმით, ფასების რეგულირება მხოლოდ ერთ სტრუქტურაზე არ არის დამოკიდებული და ფასების შემცირება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა „შუა დერეფნის“ ალტერნატიული მარშრუტები გამოჩნდება.
„ფასების ზრდა და კლება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ სტრუქტურაზე. ჩვენი მარშრუტი მულტიმოდალურია. ფასების შემცირება მოლაპარაკებების შედეგად უნდა მოხდეს, როგორც პორტების, ისე რკინიგზის და გადამზიდავების მეშვეობით. მიწოდება-მოთხოვნის პროცესია - როგორც კი ალტერნატივა გაჩნდება და ტვირთები დაიწყებს უკან გადამისამართებას, ფასები დაიკლებს“, - განაცხადა ალექსანდრე დავითიძემ.
მისი თქმით, შუა დერეფანი არც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დაკარგავს აქტუალურობას, რადგან, სავარაუდოდ, სანქციები მაინც ძალაში დარჩება.
„სამწუხაროდ ჯერ არაფერი ეტყობა, რომ ომი მოკლე პერიოდში დასრულდება, მაგრამ ომის დასრულების შემდეგაც, სავარაუდოდ, სანქციები გაგრძელდება. ნებისმიერი შემთხვევაში, რაც არ უნდა სწრაფად დასრულდეს ომი და მშვიდობამ დაისადგუროს, რამდენიმე წელი დასჭირდება უკან პროცესის დაბრუნდებას“, - განაცხადა ალექსანდრე დავითიძემ.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ალექსანდრე დავითიძის თქმით, იგეგმება რომ რკინიგზის მოდერნიზაცია და ჩქაროსნული ავტობანის პროექტები 2024 წელს დასრულდება, პორტის ინფრასტრუქტურა კი ყველაზე რთულია და 1-2 წელში ვერ განხორციელდება.
„როგორც ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, ასევე ანაკლიის პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფოც და კერძო სექტორიც აქტიურად იმუშავებს ამ პროექტის ბოლომდე დასრულებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე დავითიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია 1997 წელს დაფუძნდა, იმავე წელს ასოციაცია ექსპედიტორთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) ასოცირებული წევრი გახდა.
რაც შეეხება „შუა დერეფანს“ ის აერთიანებს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპის დანიშნულებით ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და კავკასიის ქვეყნების გავლით და ცენტრალური აზიის ტვირთებსაც მოიცავს.
ალექსანდრე დავითიძის თქმით, საქართველოს თავისი სტრატეგიული ადგილი უკავია ამ მარშრუტში. იგი ახორციელებს პირდაპირ სარკინიგზო და საავტომობილო ტვირთის გადაზიდვას, ასევე გადაზიდვას ახორციელებს პორტების გამოყენებით.