Oracle-ი, Silver Lake-ი და Andreessen Horowitz-ი იმ ამერიკელ ინვესტორებს შორის არიან, რომლებიც TikTok-ის ამერიკული ოპერაციებისთვის განკუთვნილ ახალ კომპანიაში საკონტროლო წილს დაეუფლებიან. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელი ინვესტორების საკუთრებაში აქციათა დაახლოებით 80% იქნება, ხოლო დარჩენილი წილი ჩინელი ინვესტორების საკუთრებაში გადავა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მომხმარებელთა მონაცემებს Oracle-ი ტეხასში მდებარე საკუთარი ობიექტებიდან გააკონტროლებს. ახალი კომპანიის საბჭოში კი ძირითადად ამერიკელები იქნებიან, მათ შორის ერთი – აშშ-ის მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენელი. ძირითად აქციონერებს შორის იქნებიან ჩინური ByteDance-ის ინვესტორები, მათ შორის Susquehanna International-ი, KKR და General Atlantic-ი.

ჩინეთთან TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე ჩარჩო-შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ, მას შემდეგ განაცხადა, რაც მადრიდში, აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის გამართული 2-დღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. მოგვიანებით ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც TikTok-ის გაყიდვის დედლაინი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 16 დეკემბრამდე გადაიდო. TikTok-ის საკითხს პრეზიდენტი ტრამპი პარასკევს, თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილავს.

აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, TikTok-ზე გარიგება „არსებითად“ მარტში ან აპრილში დასრულდა, თუმცა მოლაპარაკებები მას შემდეგ გადაიდო, რაც ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა. CNBC-ის ინფორმაციით, გარიგება, სავარაუდოდ, მომდევნო 30-45 დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი, Forbes-ის რეიტინგით, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. ამჟამინდელი მონაცემებით, ელისონის ქონება $367.9 მილიარდს აღწევს და რეიტინგში მას მხოლოდ ილონ მასკი ($477.6 მილიარდი) ასწრებს.

წყარო: forbes.ge