სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანობა შეისწავლა. გამოიკვეთა არაერთი ნაკლოვანება. ანგარიში 2022-2023 წლებს მოიცავს.

აღმოჩნდა, რომ შემოწმების გარეშეა დარჩენილი ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი საქმიანობების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სათანადოდ არ ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, ზედამხედველობის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების შერჩევის პროცესში არსებული კრიტერიუმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ რისკზე დაფუძნებულ მიდგომას. პროცესი უმეტესად მოიცავს ნებართვის მფლობელი სტაციონარული დაწესებულებების ზედამხედველობას და არ ფარავს მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებს. ასევე, კრიტერიუმების ნაწილი ძირითადად ორიენტირებულია საქმიანობის დაწყებამდე შემოწმებული დაწესებულებების შერჩევაზე და არ არის ეფექტიანი იმ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო დაწესებულებების შერჩევისათვის, სადაც საქმიანობის დაწყებამდეც არ განხორციელებულა სააგენტოს მხრიდან არსებული პირობების შეფასება.

ირკვევა ისიც, რომ არსებული მექანიზმების პირობებში, სამედიცინო დაწესებულებებში კონტროლი არ ახდენდა რისკების სათანადო შეფასებასა და ანალიზს. ანგარიშის მიხედვით, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებიდან ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3% შემოწმდა.

"2022-2023 წლებში სამედიცინო დაწესებულებებში შემოწმების მიზნობრიობა განისაზღვრა სტერილიზაციის ხარისხისა და ნოზოკომიური ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლის ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასებით და მოიცვა იმ სტაციონარული დაწესებულებების 63%, რომლებსაც ჰქონდათ რეანიმაციული განყოფილება. 2023 წელს შემოწმებული სტაციონარული დაწესებულებების 59% შემოწმდა წინა წელსაც, ხოლო ქვეყანაში რეგისტრირებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების 50% არ შემოწმებულა აუდიტის პერიოდის არცერთ წელს",- ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ხაზგასმულია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და დაწესებულებებში დარღვევების აღმოფხვრის ეფექტიან მონიტორინგს. ამ ფონზე, აუდიტის სამსახურის მიუთითებს რისკზე, რომ რიგი დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ უკანონო სამედიცინო საქმიანობას.

დოკუმენტის მიხედვით, 2022-2023 წლებში სანებართვო პირობებზე შემოწმებული იმ დაწესებულებებიდან, სადაც გამოვლინდა დარღვევები, განმეორებითი კონტროლი განხორციელდა 41%-ის შემთხვევაში, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის პირობებზე შემოწმებული დაწესებულებებიდან − 4%-ის შემთხვევაში.

"სააგენტოს მიერ არ გადამოწმებულა ის დაწესებულებები, სადაც მის მიერ გამოვლენილი იყო უკანონო საქმიანობის, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული დაწესებულებები რეგისტრირებულნი იყვნენ აქტიური სტატუსით, ასევე მათ ნაწილს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ ეს დაწესებულებები კვლავ ეწეოდნენ უკანონო სამედიცინო საქმიანობას",- წერია ანგარიშში.

გამოწვევად სახელდება მოქალაქეთა საჩივრების საკითხიც, რადგან, როგორც ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, მათი დიდი ნაწილი რეაგირების გარეშე რჩება.

"სარეცენზიო მომსახურების მიმწოდებელი წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდა სააგენტოს ამოცანების და მოქალაქეთა საჩივრების მნიშვნელოვანი მოცულობით შესწავლას. 2022-2023 წლებში სააგენტოს მიერ გაგზავნილი საკითხებიდან, სარეცენზიო დასკვნა წარედგინა 29%-ის შემთხვევაში, 71% კი − მიმდინარეა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით. მნიშვნელოვანია, რომ რეცენზენტების დასკვნაზეა დამოკიდებული სააგენტოს მიერ მოქალაქეთა საჩივრების შესწავლის დასრულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც რეცენზენტთა დასკვნა არ არის წარდგენილი, სააგენტოს შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება მოქალაქეთა საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი.

სააგენტოს მიერ სარეცენზიო მომსახურების შესყიდვა, ხელშეკრულების პირობების უცვლელად, ერთი და იმავე მიმწოდებლისაგან, 2023 წელს განხორციელდა 3-ჯერ მეტი ღირებულებით, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული დასკვნების რაოდენობა მხოლოდ 24 ერთეულით აღემატებოდა 2022 წლის სარეცენზიო დასკვნების რაოდენობას. სერვისების ფასების ზრდის პირობებში, 2023 წელს აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა 179,720 ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი − 62,750 ლარს",- წერია ანგარიშში.

გამოწვევაა მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დროული და ეფექტიანი შესწავლა.

"საჩივრების განხილვა შემთხვევების 48%-ში გაგრძელდა 1-დან 3 წლამდე. აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი 240 საჩივრიდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მიმდინარე სტატუსის მქონე იყო საჩივრების 43%, საიდანაც 40% არის მოქალაქეთა მიერ 2022 წელს წარდგენილი საჩივრები. სტატუსი − „მიმდინარე“ ჰქონდა, მათ შორის, ისეთ საჩივრებს (საჩივრების 41%), რომლებიც ეხებოდა შესაძლო არასწორი მკურნალობის, დიაგნოზის შედეგად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, გარდაცვალებისა და მკვდრადშობადობის შემთხვევებს," - წერია დოკუმენტში.. 

ანგარიშიდან იკვეთება ისიც, რომ რიგი სტომატოლოგიური კლინიკები შესაბამისი საქმიანობის უფლების გარეშე ემსახურებიან მომხმარებლებს. მაღალი რისკის შემცველი საქმიანობებიდან აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩეული სტომატოლოგიური მომსახურების მონაცემთა ბაზების ანალიზის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული დაწესებულებებიდან, 96 (28%) სტომატოლოგიური დაწესებულება, რეგისტრირებულია სტატუსით − „აქტიური“, თუმცა არ იძებნება ზედამხედველობის სააგენტოს სისტემაში.

"რიგ შემთხვევებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავუშვათ, რომ პაციენტებისთვის შესაძლებელი იყო სტომატოლოგიური მომსახურების მიღება. გარდა ამისა, ორი − ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით რეგისტრირებული ფიზიკური პირი, ასევე არ მოიძებნა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელ ექიმთა მონაცემთა ბაზაში",- ვკითხულობთ ანგარიშში.