2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, საგარეო ვალის წილმა მთავრობის მთლიან ვალში 69.7% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (72.6%) 2.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით, საგარეო ვალის წილისთვის 65%-იანი საშუალოვადიანი ნიშნულია დადგენილი, რომელიც ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
2024 წელს მთავრობის ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამურად 5.0 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი (60.5%) საშინაო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მოდის, რომელმაც 3.0 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 74.7% ძირის დაფარვაზე მიიმართა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შიდა ვალი საკმაოდ ძვირი გვიჯდება.
ეკონომისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესებაა, რაც საქართველოს ოპტიმალურ საგარეო დაფინანსებაზე წვდომას უზღუდავს.
როგორც ბაირახტარი "კომერსანტთან" ამბობს, ასეთ პირობებში, მთავრობა იძულებულია ნაკლებად სასურველი, თუმცა მარტივად ხელმისაწვდომი შიდა ვალი აიღოს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ფისკალურ და სავალუტო მდგრადობაზე უარყოფითად აისახება.
„საგარეო ვალის წილისთვის 65%-იანი საშუალოვადიანი ნიშნულის ვერ ათვისებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ჩვენი საგარეო ვალის მოცულობა კონსტიტუციის 93-ე მუხლით არის შეზღუდული, რომელიც ნიშნულთან საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა, თუმცა ვისურვებდი რომ ამ ნიშნულმა კიდევ უფრო დაბლა დაიწიოს. თუ ბიუჯეტის პარამეტრებს გავითვალისწინებთ, სადაც მაგალითად ბიუჯეტის დეფიციტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით არ შეცვლილა, მოსალოდნელი იყო, რომ საგარეო ვალის მოცულობის შემცირებაზე, ვალის სტრატეგიაში საუბარი არ იქნებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ერიდებიან, ყველასთვის ცნობილი გაუარესებული სტრატეგიული პარტნიორობის გამო. ასეთ რეალობაში კი ოპტიმალურ უცხოურ რესურსზე წვდომა მნიშვნელოვნად მცირდება; რა დროსაც შესაძლებლობა მხოლოდ ძალიან ცუდი პირობებით ვალის აღებაზე რჩება ან მთავრობას მეორე ვარიანტიც აქვს- საშინაო ვალის აღება.
საშინაო ვალებს მე მხარს არასდროს ვუჭერ. საგარეო ვალი, ეს უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა, რაც ფისკალურ ჭრილში რომ შევაფასოთ, უცხოური ვალუტის ფისკალურ შემოდინებას ნიშნავს, რაც ეროვნული ვალუტაზე დადებითად მოქმედებს.
საგარეო ვალი კონკრეტული დათქმებით გაიცემა: როგორც გრანტებს, ასევე საგარეო ვალებს კონკრეტული დათქმები აქვს. საშინაო ვალის აღება საგარეო ვალთან შედარებით გაცილებით მარტივია და სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციას თუ გადავხედავთ, ხშირად ამ მარტივ გზას ვირჩევთ“,- აღნიშნა "კომერსანტთან" პაატა ბაირახტარმა.