რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა შეაფასა და განმარტა, რომ ფრენების აღდგენა ქართველების იმ სეგმენტისთვის, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, რადგან მათთვის ბილეთის ფასი მნიშვნელოვანია, პირდაპირი ფრენები კი ფინანსურად ხელმისაწვდომი არაა.
„დამერწმუნეთ, რომ ქართველების იმ სეგმენტისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ და აგზავნიან ფულს საქართველოში და არც ისე ფუფუნებაში არიან, მათთვის ბილეთის ფასი ბევრ რამეს წარმოადგენს და 2-3 საათს არ დაიშურებენ იმისთვის, რომ მისაღებ ფასად ჩამოვიდნენ საქართველოში თურქეთის ან სომხეთის გავლით.
კომფორტს პირდაპირი ფრენა არ წარმოადგენს, კომფორტია მისაღები ფასი და მომსახურება მგზავრობის დროს. ჩვენ ვხედავთ რომ ფასები არც თუ ისე მიმზიდველია. მეორე საკითხი არის ის, რომ გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და რაღაც 300-400 მილიონის შემოსავალზე ისაუბრა, სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ამ ტურისტებს ისედაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მათ შეძლეს ის, რომ სერვისის და უძრავი ქონების ფასები ასწიეს. თუ ეკონომიკის მინისტრი გულისხმობდა იმას, რომ ეს იქნებოდა დამატებით შემოსავალი ქართულ ავიაკომპანიისთვის, ამაშიც ვერ ვეთანხმები და ამის საფუძველს მაძლევს წინა პერიოდი, როდესაც 2014 წელს საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ რუსეთს ცალმხრივად გაუხსნა ცა და ყველა რუსული თვითმფრინავი შემოვიდა საქართველოში. დაგვიდგა ის დილემა, რომ შემდეგ მათ დემპინგურად დასწიეს ფასები და თუ ჩვენი ბილეთი ფასი იყო 160 დოლარი, მათ მომხმარებელს შესთავაზეს 60 დოლარად და შესაბამისად მგზავრები გადავიდნენ მათ კომპანიებზე და ჩვენ გამოვედით ბაზრიდან,“ - აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილი 2014 წლის სცენარს პროგნოზირებს, მისივე თქმით კომპანია „აზიმუტი“ არის პირველი სატყუარა, რომელიც რუსეთმა გამოუშვა და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ავიაკომპანიებიც.
„ჩვენ საავიაციო საზოგადოებას ეთქვა, რომ ესენი სანქციებში არ არიან და მისცეს თანხმობა, არ გავა ერთი თვეც და „აზიმუტს“ მოჰყვება სხვა ავიაკომპანიებიც. ისინი შემოვლენ ბოინგებით და კომფორტული ბორტებით და ამის შემდეგ მოახდენენ ბაზრის მონოპოლიზაციას და თუ არ შედგა რამე კარტელური გარიგება ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის, ისინი ფასებს ისევ დასწევენ და მთლიანად ექსკლუზიურად გახდებიან ამ მიმართულების შემსრულებლები.
თვითმფრინავი არ არის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულების, მისი გამოყენება სატვირთო გადაზიდვებისთვისაც შეიძლება, როცა საუბარია დღეში 2 ან 3 რეისზე, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი სახის ტვირთი შეიძლება იქნეს აქეთ-იქით გაგზავნილ-გამოგზავნილი და მათი ლეგალურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მე ვფიქრობ, რომ მათ გაიხსნეს ის ფანჯარა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დაკეტილი ჰქონდათ. მათ გააკეთეს ის, რაც სურდათ. მათ არ იციან, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ თურქეთთან, დუბაისთან და ისრაელთან მიმართებით და სამხრეთ კავკასიაში მათ ეს შესაძლებლობა აქვთ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეკონომიკური“ - აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.
იასე ზაუტაშვილი ვარაუდობს, რომ ფრენების აღდგენას საქართველოს ეკონომიკაზე ექნება ნული შედეგი და ქართული კომპანიები უფრო მეტ კრიზისში აღმოჩნდებიან და შესაძლოა დაკარგოს ის ისტორიული ევროპული რეისებიც, რომლებიც დღეს გააჩნიათ.