რუსეთის ბაზრიდან ამერიკული The Coca-Cola Company-ს გასვლის შემდეგ სოდიანი სასმელი ქვეყანაში კვლავ იყიდება, რომელთაგან ყველა იმპორტირებულია, მათ შორის არის ქართული წარმოების Coca-Cola-ც. ამის შესახებ ინფორმაციას The Bell ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, რუსეთში „კოკა-კოლას“ ექსპორტიორი ქვეყნების სიაში არიან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ვიეტნამი ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, უნგრეთი, პოლონეთი, გერმანია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და დანია.
„ჟურნალისტებმა მაღაზიებში თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში წარმოებული Coca-Cola-ც კი შენიშნეს“, - აღნიშნულია The Bell-ის სტატიაში.
ამავე ინფორმაციით, კოლას კატეგორიაში ყველაზე გაყიდვადი სასმელი ახალი ბრენდი Dobry Cola-ა. მას ბაზრის თითქმის 34% უკავია. ბრენდის მფლობელი ამერიკული The Coca-Cola Company-ს ყოფილი პარტნიორი რუსულ ბაზარზე, შვეიცარიული Coca-Cola HBC-ია. ამერიკული The Coca-Cola Company შვეიცარიული კომპანიის 21,3%-იან წილს ფლობს.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქართული წარმოების კოკა-კოლა რუსეთში იყიდება, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა.