გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი ფრანჩაიზების საქართველოში Coca-Cola Bottlers Georgia-ს და PepsiCo Georgia-ს (სს იბერია რეფრეშმენტსი) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა შეაჯამა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, კომპანიებს თანაბარი წლიური საშუალო ზრდის ტემპი (CAGR) ჰქონდათ - დაახლოებით 20%. თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, Coca-Cola Bottlers Georgia-ს შემოსავლები (₾284 მილიონი) 3-ჯერ აღემატება PepsiCo Georgia-ს შემოსავლებს (₾89 მილიონი).
„Coca-Cola Bottlers Georgia ახდენს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის ჩამოსხმა/რეალიზაციას საქართველოში და ასევე პროდუქციის ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიას ეკუთვნის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯიან პალას ჰოტელი“ ქობულეთში, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან იჯარით გადასცა ერთობლივი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიას.
PepsiCo Georgia (სს იბერია რეფრეშმენტსი) ძირითადად ახდენს გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა/რეალიზაციას PepsiCo, Inc.-თან ფრანშიზული ხელშეკრულების ფარგლებში. 2021 წლის მარტში კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოსთან“, რომლის საბოლოო მშობელი კომპანიაც PepsiCo Inc.-ია, და შედეგად ეწევა სნექების (Lay's, Doritos, Cheetos, etc.) დისტრიბუციასაც.
2021 წელს PepsiCo Georgia-ს შემოსავლები თითქმის გაორმაგდა, რაც დიდწილად სნექების დისტრიბუციის დამატებით არის გამოწვეული. თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა კომპანიის საერთო მოგების მარჟა. 2016-2020 წლებში საერთო მოგების მარჟა საშუალოდ 33% იყო, 2021 წელს კი 22%-ი შეადგინა. სავარაუდოდ, ეს დიდწილად გამოწვეულია სნექების დისტრიბუციის დამატებით, რომელსაც შესაძლებელია გაცილებით დაბალი მარჟა აქვს ვიდრე გამაგრილებელ სასმელებს.
Coca-Cola Bottlers Georgia წლების განმავლობაში მომგებიანია (2020 წლის გარდა), მაშინ როდესაც PepsiCo Georgia ზარალზე მუშაობს. „პეპსიკო საქართველოს“ ზარალიანობის ძირითადი მიზეზი საოპერაციო ხარჯების მართვაა, რომლის წილი შემოსავალში 27%-ია, კონკურენტის კი მხოლოდ 13%-ი. ძირითადი გამომწვევი მიზეზი პროპორციულად გაცილებით მაღალი თანამშრომლების ხარჯებია. „პეპსიკო საქართველოს“ ასევე მაღალი ტრანსპორტირების ხარჯები აქვს. ტრანსპორტირების ხარჯების წილი შემოსავლებში 3.8%-ია, Coca-Cola Bottlers Georgia-ს შემთხვევაში კი მხოლოდ 1.5%“, - აღნიშნავენ Finspot-ში.
Coca-Cola Bottlers Georgia-ს სესხების წილი მთლიან აქტივებში 38%-ია, PepsiCo Georgia-სი კი 86%-ი. „პეპსიკო საქართველოს“ ფინანსურ წნეხს უქმნის ლიკვიდურობის პრობლემაც, ვინაიდან დიდი მოცულობის მიმდინარე ვალდებულებების დაფარვას ვერ ახერხებს მიმდინარე აქტივებით. კომპანიების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები და თვითღირებულების ხარჯები.
Coca-Cola Bottlers Georgia- ს აქციონერები არიან: თემურ ჭყონია - 87.47% (საკონტროლო პაკეტი), კომპანიის თანამშრომლები - 8.04%, სხვა პირები- 4.49%.
PepsiCo Georgia (სს იბერია რეფრეშმენტსი) აქციონერები არიან: ELSU Inc. LLC - 95.53% (დამოუკიდებელი ინვესტორთა ჯგუფი, რომელთაგან არცერთს არ აქვს საბოლოო კონტროლის უფლება), Alshafar Ahmad Abdula Ali - 4.47%.