ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს 0.5 ლ ბოთლების ლიმიტირებულ წარმოებასთან დაკავშირებით, Coca-Cola-ს და SSC Napoli-ს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
კონკრეტული შეფუთვის ბოთლები ხელმისაწვდომი მხოლოდ საქართველოშია და წარმოადგენს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილს, რომელიც წელს საქართველოსა და რუმინეთში იმართება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Coca-Cola საფეხბურთო კლუბ ნაპოლის გლობალური პარტნიორია.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ჯერ მსგავსი ბოთლები გამოჩნდა, და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანიასა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა.
შეგახსენებთ, Coca-Cola-ს ეტიკეტზე Napoli-ს გარემარბი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე წლის 8 მაისს გამოჩნდა.
ქართული და იტალიური მედია წერდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოჩენამ იტალიური საფეხბურთო გუნდ Napoli-ს პროტესტი გამოიწვია. რის გამოც, შესაძლოა, Coca-Cola-ს კონკრეტული ბოთლების გაყიდვიდან ამოღება დასჭირვებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა კი Coca-Cola-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. სწორედ ამას უკავშირდება ნეაპოლური კლუბის პრეტენზიები ქართულ მხარესთან.
როგორც იტალიური მედია წერდა ფეხბურთელის იმიჯის გამოყენებასთან დაკავშირებით Napoli Coca-Cola-ს მარკეტინგის წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში, ასევე ატლანტას შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან, როგორც წესი, კონტრაქტებში, რომლებსაც კლუბის წევრები აწერენ ხელს, ამ ტიპის უფლებების კლუბისთვის გადაცემაა გათვალისწინებული.
იტალიური მედიაში თემის გააქტიურებისთანავე „კომერსანტი“ საკითხის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და Coca-Cola-სთან გარკვევას შეეცადა, თუმცა როგორც ფედერაციამ, ასევე „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა კონტაქტზე გამოსვლისგან თავი შეიკავეს.