ინდოეთის სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების ორგანომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აღარ დაუშვებს მაღალი კოფეინის შემცველი სასმელების „ენერგეტიკული სასმელის“ (energy drink) სახელწოდებით გაყიდვას. მარეგულირებლის განმარტებით, ამ კატეგორიისთვის ეროვნულ სტანდარტი არ არსებობს და ტერმინი შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.


გადაწყვეტილება შეეხება ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Red Bull, Monster, PepsiCo-ს პროდუქტები, Reliance-ის Campa Energy და სხვა. კომპანიები ამტკიცებდნენ, რომ აკრძალვა მათ ბრენდებს დააზარალებდა და ბაზარზე დაბნეულობას გამოიწვევდა, თუმცა მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. 
მწარმოებლებს მიეცათ 90 დღე, რათა შეცვალონ შეფუთვა, მარკირება და რეკლამა და აღარ გამოიყენონ ტერმინი „energy drink“.


•ინდოეთის ენერგეტიკული სასმელების ბაზარი სწრაფად იზრდება. პროგნოზით, მისი მოცულობა 2028 წლისთვის დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო გაყიდვები ყოველწლიურად 12%-ზე მეტი ტემპით იზრდება. სწორედ ამიტომ რეგულატორის ნაბიჯი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
მარეგულირებლის შეშფოთება უკავშირდება მაღალი დოზით კოფეინის, შაქრისა და ტაურინის შემცველობას, ასევე იმ მარკეტინგულ განცხადებებს, რომლებიც სასმელებს დამატებითი ენერგიისა და უკეთესი ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების წყაროდ წარმოაჩენს.

ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელების მიმართ რეგულაციები მკაცრდება. მაგალითად, ზოგიერთ სახელმწიფოში არასრულწლოვნებისთვის მათი გაყიდვა შეზღუდულია, ხოლო სხვაგან სავალდებულოა სპეციალური გაფრთხილებები ეტიკეტზე.

ინდოეთის რაჯასტანის შტატში ადგილობრივმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს მსგავსი პროდუქციის ამოღება და ონლაინ-პლატფორმებიც გააფრთხილეს, რომ არ გამოიყენონ „ენერგეტიკული სასმელის“ დასახელება იმ პროდუქტებისთვის, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება.