The Coca-Cola Company-ს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩამომსხმელმა - ევროპულმა Coca-Cola HBC-მა, Brown-Forman Finland-ის შესყიდვის შესახებ გამოაცხადა, რომელიც არყის ბრენდს Finlandia-ს ფლობს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
Coca-Cola HBC ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგება 220 მლნ დოლარად შეფასდა, აქტივები CC Beverages Holdings II BV-ის, Coca-Cola HBC-ის შვილობილი კომპანიის მეშვეობით შეიძინა. ტრანზაქცია, სავარაუდოდ, სრულად 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.
კომპანიაში აცხადებენ, Finlandia-ს შეძენა გაზრდის Coca-Cola HBC-ის რეპუტაციას პრემიუმ ალკოჰოლურ სასმელებში. ეს შენაძენი კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააძლიერებს მის პორტფელს სხვა ბაზრებზე. Coca-Cola HBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზორან ბოგდანოვიჩმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის გარიგება მიმზიდველი ინვესტიციაა.