30 მაისს დილით მოსკოვის წინააღმდეგ რამდენიმე დრონით განხორციელდა შეტევა. სამი მათგანი საცხოვრებელ შენობებს მოხვდა, დანარჩენები კი, როგორც აცხადებენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, პუტინის რეზიდენციასთან, ნოვო-ოგარიოვოში ჩამოვარდა.
ექსპერტი ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რუსეთის ცა უსაფრთხო აღარ არის და რისკის ქვეშ არის ყველა რეისი მოსკოვის მიმართულებით, ამიტომ საჭიროა საქართველოს საჰაერო სივრცის დაკეტვა.
„ფრენების უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ თვითონ Sukhoi Superjet ეს არის საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რაც გახშირდა ავარიული დაშვებები. Sukhoi Superjet-ს გააჩნია ფრანგული წარმოების ძრავები, რაზედაც ტექნიკური ზედამხედველობა უნდა ხდებოდეს ფრანგული კომპანიის მიერ, რომელმაც დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს რუსეთთან ურთიერთობა, ამიტომ ეს Sukhoi Superjet წარმოადგენენ იმ ტიპის ხომალდებს, რომელთა ფრენაც უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება და ამას ზემოდან ემატება ის რისკი, რომ რუსეთის ცა უსაფრთხო აღარაა და არავინ იცის რომელი დრონი სად გაფრინდება. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მას შემდეგ რაც რეზიდენციასთან მოხდა შეჯახება ცოტა ხნის წინ. ეს პირდაპირ რისკის ქვეშ აყენებს ყველა რეისს მოსკოვის მიმართულებით, რაც ანგარიშგასაწევია და ჩვენც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე“, - ამბობს ექსპერტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, ეს დარტყმა იყო პასუხი უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე თავდასხმაზე. თუმცა კიევი უარყოფს, რომ მოსკოვზე დარტყმა მათ განახორციელეს.