„სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხე არის რუსების კომპაქტური ჩასახლებები“ - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ნაწილში რუსების კომპაქტური ჩასახლებები დროთა განმავლობაში საფრთხეს შექმნის.

„ერთი თემაა ტურისტად შემოსული რუსები და მეორე საკითხია ის, რომ ისინი ყიდულობენ ბევრ ბინას საქართველოში. ქართულ კომპანიებს ვეღარ შემოჰყავთ იმდენი რუსები, თავად რუსები ყიდულობენ ბევრ ბინას და მათ შემოჰყავთ რუსეთიდან თავისი ტურისტული კომპანიები. გარდა ამისა, ბინებს ყიდულობენ საცხოვრებლად. გამარტივებულია ბინადრობის უფლების მიღება - ჩვენ შესაძლოა დაგვიდგეს პრობლემა ისეთ ქალაქში, როგორიც არის ბათუმი.

არავის არ აქვს საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზია, გარდა რუსებისა. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხე არის რუსების კომპაქტური ჩასახლებები. ეს ჩასახლებები ყველგან საფრთხეს შექმნის. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხებში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია, მიშვებული აქვს ეს ყველაფერი. მას აინტერესებს ერთადერთი, რომ ბიზნესმენებმა პარტიულ ყულაბაში ფული გადაურიცხონ.

ეს არის წინდაუხედავი პოლიტიკა, რომელმაც ჩვენს თაობას კი არა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობას შესაძლოა, ამ ქვეყანაში პრობლემა შეუქმნას“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.