ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, რეალური იმპორტის სტატისტიკა კარგად ხსნის იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციის რეჟიმში. ამის შესახებ მან BM.GE-ის საგარეო ვაჭრობის 7 თვის მონაცემების შეფასებებისას განუცხადა.

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით 14 მლრდ 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 7 თვეში ექსპორტი 3 მილიარდ 845 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 დოლარი, ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 10.8%-ია.

ოფიციალური მონაცემებით, ვაჭრობის მაჩვენებელი მხოლოდ ივლისში შემცირებულია. მე-7 თვეში ექსპორტი 10.8%-ით 610.4 მლნ დოლარამდე, იმპორტი კი 6.6%-ით, 1 მილიარდ 464 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტის დღევანდელი სტატისტიკა რეალური არ არის რადგან მასში ერთჯერადად შემოტანილი ბიძინა ივანიშვილის ნახატებია ასახული, ამასთან ის ამბობს, რომ ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი ადგილობრივი მოთხოვნის განმსაზღვრელი ვერ იქნება. იმპორტის სტატისტიკა კი მისი შეფასებით, ადგილობრივ მოთხოვნას ცხადყოფს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პირობებში გაზრდილი უნდა იყოს, შენელების პირობებში კი მცირდება.

„ჩვენ თუ გვინდა, რომ საგარეო ვაჭრობაზე სწორი სურათი შევიქმნათ, პირველ რიგში იმპორტის იანვრის მაჩვენებელი სერიოზულად უნდა დამუშავდეს, რადგანაც 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების არის ბიძინა ივანიშვილის ნახატები და ქანდაკებები, რომელიც წინა წლის მონაცემებს თუ შევადარებთ რეალური სავაჭრო ბრუნვიდან ამოსაღებია. ასევე ძალიან ფრთხილად უნდა შევხედოთ ავტომობილებით ვაჭრობას, რადგანაც ისეთი მასშტაბი მიიღო ამან, რომ რეალურად ამახინჯებს მთლიან სურათს. იმპორტის და ექსპორტის უდიდესი ნაწილი ავტომობილებია, რომელიც ძირითადად რუსეთში, სხვა ქვეყნების გავლით გადის.

განსაკუთრებით საინტერესოა იმპორტის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. სურსათი იქნება ეს თუ ტექნიკა, იძულებული ვართ რომ შემოვიტანოთ, ამიტომ იმპორტის მაჩვენებელი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან კარგად ასახავს. თუ იმპორტი იზრდება ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა ეკონომიკაში იზრდება, თუ იმპორტი მცირდება, ე.ი. ეკონომიკა შენელების რეჟიმშია.

იმპორტის რიცხვებს თუ შევხედავთ და ნახატებს და ქანდაკებებს გამოვაკლებთ, წინა წელთან შედარებით იმპორტი მინიმუმ 2-ჯერ არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამიტომ მე ვიტყოდი ასე - რეალური იმპორტის სტატისტიკა კარგად ხსნის იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციის რეჟიმშია, რადგან ადგილობრივი მოხმარება შენელებულია. ავტომობილები კი იმიტომ უნდა ამოვიღოთ აქედან, რადგან ეს ჩვენი მოთხოვნა არაა.

რაც შეეხება დიდ სურათს, ადგილობრივი ექსპორტი ჩვენ ერთ დონეზე გვაქვს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან გვიჭირს ჩვენი პროდუქტის ქვეყნიდან გატანას. ეს ძირითადად ნედლეულია. სამწუხაროდ, ჩვენ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ქვეყნიდან გატანას ვერ ვახერხებთ. ახალი ბაზრების ათვისება კი ქართველ მწარმოებლებს უჭირთ და ექსპორტის მაჩვენებელი შთამბეჭდავი არ არის, გარდა ავტომობილების რეექსპორტისა“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

bm.ge