რატომ ვერ სრულდება პრივატიზაციის გეგმა და რა არის სახელმწიფო პოლიტიკაში შესაცვლელი, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.
მისი თქმით სახელმწიფოს შარშან ჰქონდა 300 მილიონიანი გეგმა, რომელიც ვერ შესრულდა, წელს წარმოადგინა 100 მილიონით ნაკლები თუმცა აქაც ჩამორჩენაა, ამის მიზეზად გერლიანი პრივატიზაციის არასწორ და არაეფექტურ მეთოდს ასახელებს.
„პრივატიზების მთლიანი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აქტივი განკერძოვდეს და ის გახდეს კერძო საკუთრება. მან უნდა შექმნას ეკონომიკური ეფექტი, ეფექტის შექმნა მაშინ შეუძლია სახელმწიფო აქტივებს, როდესაც ის განკერძოებულია. სწორედ აქ გვაქვს ჩვენ შენიშვნები. ერთის მხრივ არის არასწორი დაგეგმვა და სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მოლოდინები, ხოლო მეორეს მხრივ დიდძალი ქონება, რომელიც უნდა დაპრივატიზდეს, რადგან ის ეკონომიკური ჯაჭვიდან არის გათიშული. ამ ტემპით ჩვენ რაიმე შედეგზე გასვლას საუკუნე-ნახევარი მოუნდებით,“- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
გერლიანის თქმით, საქართველოში არსებული ფინანსური პრობლემა საინვესტიციო ნაკადებსაც ემჩნევა და იმ შემთხვევაში თუ ფულზე პრივატიზება გაგრძელდება, მასიურ პრივატიზაციას ქვეყანა ვერ მოახერხებს.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ მეთოდი, ეს არის მასიური და უფასო პრივატიზების მეთოდი, დიდი რაოდენობით განკერძოება არის შესაძლებელი და ქონებრივი გადასახადით მიღებული შემოსავლები რამდენჯერმე გადაუსწრებს იმას რასაც ჩვენ დღეს ვაყალიბებთ. სამართლიანი და ეფექტიანი იქნება, როდესაც ყველა მოქალაქეს სასტარტო პირობები ექნება თანაბარი და შემდეგ უკვე მეორად ბაზარზე ნებისმიერ ინვესტორ შეეძლება თავისუფლად ჩართვა ისე, როგორც ეს ხდება ცივილურ ქვეყნებში.
ბოლი 15 წელია ჩვენ ვცდილობთ პრივატიზაციის პროცესის განხორციელებას, დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე დგება.“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
კითხვაზე თუ რატო არ აინტერესებს კერძო სექტორს ის ობიექტები, რომელიც გამოდის გასაყიდად, რამაზ გერლიანი პასუხობს რომ აქ მთავარი პრობლემაა სახელმწიფოს მხრიდან ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა, რის შედეგადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ჯაჭვი გაწყვეტილია.
გერლიანი ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფომ რეზიდენტებს უნდა მოუსმინოს, თუ რისი შეძენა სურს მათ და ქონება ამის მიხედვით გამოიტანონ და არა ისე, როგორც ამას ახლა აკეთებს და გამოაქვს ის, რაც ხელში მოხვდება.
„ამის გამო ხდება, რომ ძალიან ბევრი აუქციონი იშლება და ბევრი ობიექტი გაუყიდავი რჩება, პრივატიზაციის შეცვლილი მეთოდით ეფექტი პირველივე წელსვე იქნება და ქონების და მიწის გადასახადით გაცილებით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
გერლიანის განმარტებით, დღეს სახელმწიფოს ბალანსზეა 1 100 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, 200 000 ჰექტარი ურბანული მიწები, რომელზეც 50 000 შენობა-ნაგებობა დგას, ტყის დიდი ნაწილი, ასევე წიაღისეული, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილს მოვიპოვებთ და ა.შ.