რა არის ენერგეტიკული ბირჟის რამდენიმეჯერ გადავადების მიზეზი და რა რისკფაქტორებს შეიცავს მისი ამოქმედება. თემასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ და ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ ისაუბრა. მილორავას განმარტებით, ენერგეტიკული ბირჟის უკანასკნელი გადავადების მთავარ მიზეზად, რეგიონში არსებული რთული სიტუაცია დასახელდა,

მილორავას თქმით, ზამთრის პერიოდში, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით 8 თვეს მოიცავს, საქართველოს სისტემის იმპორტდამოკიდებულება მაღალია და დაბალანსებისთვის საჭირო წარმოების სიმძლავრე შეზღუდულია, შესაბამისად არსებობდა მაღალი რისკი იმისა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილებულ განაცხადს განესაზღვრა ბაზრის ფასი.

„არის დღეები, როდესაც ქვეყნის მოხმარების თითქმის 30 პროცენტი იმპორტირებული ელექტროენერგიით იფარება. ბირჟაზე, უფრო ზუსტად კი დღით ადრე ბაზარზე, საბაზრო ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა და მიწოდება. შესაბამისად, არსებობდა მაღალი რისკი იმისა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილებულ განაცხადს განესაზღვრა ბაზრის ფასი. ნორმალურ სიტუაციაში, სადაც ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაც კონკურენტულ გარემოში ხდება, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მოცემულობა განსხვავებულია და მას განსხვავებული გადაწყვეტა სჭირდება.

რეფორმის სამუშაო ჯგუფმა იმუშავა, მათ შორის, ამ მიმართულებით და არსებობს კონცეფცია, რომელიც შესაძლებელს გახდის იმპორტირებული ენერგიის ფასის გავლენის მინიმუმამდე შემცირებას. თუმცა, ეს უფრო მოკლევადიანი გადაწყვეტაა და ჩვენი ამოცანა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა იყოს იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, განსაკუთრებით კი იმ წყაროებით, რომლებიც ელექტროენერგიას მოგვაწვდის დეფიციტურ პერიოდში და უფრო მეტი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საშუალებას მოგვცემს. ამისათვის, მნიშვნელოვანია ინვესტორებს ჰქონდეთ სწორი საბაზრო სიგნალები და საბაზრო მხარდაჭერის მექანიზმები, რაც სწორედ ახალი მოდელის პირობებშია განხორციელებადი.“ - აღნიშნა ირინა მილორავამ.

მილორავას განმარტებით ბირჟის ამოქმედების თარიღს საქართველოს მთავრობა ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრავს, ბირჟა არ წარმოადგენს ცალკე განყენებულ ბაზრის სეგმენტს და იგი ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ნაწილია, შესაბამისად, მისი საჭიროება და აქედან გამომდინარე მისი ამოქმედება ახალი მოდელის ამოქმედებაზეა დამოკიდებული, რაც კონცეფციით ამ წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული.

„მოლოდინების შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შიდა და გარე ფაქტორები, რომლის შეფასებასაც საქართველოს მთავრობასთან ერთად აკეთებს მარეგულირებელი კომისია. ყოველ ჯერზე, ამოქმედების თარიღამდე იმართება საჯარო მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში, სადაც ბაზრის ძირითადი სუბიექტები წარადგენენ ინფორმაციას სატესტო რეჟიმის მიმდინარეობის და ამ პროცესში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ, ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რეგიონში არსებული რთული ვითარება, რაც უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება და რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა ენერგომატარებლების ფასებზე ჩვენ რეგიონში. ბუნებრივია, ბაზრის ამოქმედების წინ ეს ფაქტორიც შეფასდება.“ - აღნიშნა ირინა მილორავამ.

ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ ბირჟის ამოქმედების რამდენჯერმე გადავადების მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თავდაპირველად გადავადების ძირითად მიზეზს პანდემია და ბაზრის მონაწილეების მოუმზადებლობა წარმოადგენდა.

„ახალი მოდელი ბევრ სიახლეს ითვალისწინებს, რაც გამოწვევა გახდა ბაზრის მონაწილეებისთვის. ამ სიახლეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საათობრივი დაბალანსების და თვითდისპეტჩირების დანერგვაა, რაც საბოლოოდ საათობრივი ვაჭრობის საჭიროებას წარმოშობს. ბაზრის მონაწილეებს ახალ მოდელში თავად მოუწევთ მათი საათობრივი მოხმარებისა და წარმოების გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მათ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. დღეს არსებულ მოდელში ბაზრის მონაწილეებს ასეთი ვალდებულება არ აქვთ, ამ სიახლეებისთვის მომზადება განსაკუთრებულ ძალისხმევას და დროს მოითხოვს მათგან და, შესაბამისად, ბაზრის ამოქმედების გადავადებისათვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. თუმცა ეს 3 წელი, რაც ბაზრის ახალი მოდელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, საკმარისი დრო იყო ბაზრის მონაწილეების მოსამზადებლად.“ - აღნიშნა ირინა მილორავამ.