ქარელის მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ახალი საწარმო გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ახალი საწარმოს - შპს „აგრობადის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
საწარმო ქარელის რაიონის სოფელ რუისში მდებარეობს და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს აწარმოებს. საწარმოში 37 ადგილობრივია დასაქმებული.
„ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ვფიქრობ, სეტყვისგან დამცავი ბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერების ხელმისაწვდომობას აღნიშნულ სისტემებზე. ჩვენი მიზანია, ფერმერები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები სეტყვით გამოწვეული ზარალისგან, რისთვისაც ვეხმარებით შესაბამისი სისტემების შესყიდვებში როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, ასევე „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში. ამავდროულად, უკვე 2014 წლიდან ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროგრამას და მოვუწოდებთ ფერმერებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით. ჩვენ ყოველწლიურად ვაახლებთ პროგრამას საჭიროებების გათვალისწინებით. წელსაც გვაქვს სიახლე - აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მევენახე ფერმერები ისარგებლებენ უკვე 70%-იანი თანადაფინანსებით, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას. აქვე აღვნიშნავ, რომ მისასალმებელია ყველა წამოწყება, ახალი საწარმო, რომელიც ქმნის პროდუქციას, თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოში USAID მისიის დირექტორ ჯონ პენელის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნა არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.
„USAID ამაყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს არის ქვეყანაში პირველი საწარმო, რომელიც აწარმოებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს, რაც ასე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. საწარმო წარმოებული პროდუქციით დაეხმარება ფერმერებს მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში", - განაცხადა ჯონ პენელიმ.
შპს „აგრობადის“, ყოველწლიურად, 1 მილიონ მ2 სეტყვის საწინააღმდეგო ბადის და 600,000 ბადე-ჩანთის დამზადებას გეგმავს. ბადე-ჩანთები ბოსტნეულის შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ქართული წარმოების პროდუქციის შეძენას ფერმერები იმპორტირებულზე შეღავათიან ფასად შეძლებენ.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანია და, შესაბამისად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება.