ნიდერლანდებში ველოსიპედისტებისთვის „მწვანე ტალღა“ ჩართეს — შუქნიშანთან ლოდინი აღარ მოუწევთ.
ნიდერლანდებში ველოსიპედისტებს შუქნიშანთან დიდხანს დგომა აღარ დასჭირდებათ — მათთვის მწვანე სიგნალი უფრო სწრაფად ჩაირთვება. ამისთვის სპეციალური აპლიკაცია Da’s zo gefietst („ერთი წამი და მზადაა“) შეიქმნა, რომლის მიზანიც მოქალაქეების ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.
სისტემა მარტივად მუშაობს: როდესაც ველოსიპედისტი ე.წ. „ჭკვიან შუქნიშანს“ უახლოვდება, აპლიკაცია ავტომატურად აგზავნის სიგნალს და მწვანე შუქი თითქმის დაუყოვნებლივ ინთება.
ასეთი შუქნიშნები ნიდერლანდების მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს. ისინი მოძრაობის ინტენსივობას აანალიზებენ და უპირატესობას საგანგებო სამსახურებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. ახლა იგივე შესაძლებლობა ველოსიპედისტებმაც მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „ველოსიპედურ“ ქვეყნად ითვლება, ბევრი მოქალაქე 2–3 კილომეტრიან მანძილზეც კი ავტომობილს ამჯობინებს. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ასეთი დისტანცია ველოსიპედით მარტივად იფარება, რაც სასარგებლოა როგორც გარემოსთვის და საგზაო მოძრაობისთვის, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.
ახალი აპლიკაცია მხოლოდ „მწვანე ტალღით“ არ შემოიფარგლება. ველოსიპედით შესრულებული ყოველი მგზავრობისთვის მომხმარებლები ქულებს დააგროვებენ, რომელთა გადაცვლაც სხვადასხვა ჯილდოზე იქნება შესაძლებელი.