აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში იალაღებზე უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ზაფხულის სეზონისთვის კვლავ ამოქმედდება. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებმა შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერები გამოაცხადეს.

ყველაზე დიდი ბიუჯეტი შუახევის მუნიციპალიტეტს აქვს გათვალისწინებული, სადაც მგზავრთა გადაყვანის მომსახურებისთვის 39 270 ლარის ტენდერია გამოცხადებული. გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილობრივ მოსახლეობას 10 ივლისიდან 10 სექტემბრამდე უნდა მოემსახუროს. უფასო ტრანსპორტი რამდენიმე პოპულარული იალაღის მიმართულებით იმოძრავებს, მათ შორის ჩირუხის, ღომას, საყანდრიის, ჯანჯღარისა და სხვა მაღალმთიანი საძოვრების მიმართულებით.

ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამისთვის 9 890 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტრანსპორტირება მთა სარიჩაირისა და გომის მთის მიმართულებით განხორციელდება. სულ დაგეგმილია 23 რეისი, ხოლო მომსახურება 20 ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შუამთობის პერიოდში რეისების სიხშირეც გაიზრდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 9 067 ლარის ტენდერია გამოცხადებული. ტრანსპორტი ბეშუმისა და მთა ვაშლოვანის მიმართულებით იმოძრავებს და მომსახურება სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

იალაღებზე უფასო ტრანსპორტირების პროგრამა რეგიონში მეცხოველეობისა და ტრადიციული სამთო მეურნეობის მხარდაჭერის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილება. მაღალმთიან აჭარაში ზაფხულის სეზონზე ათასობით ადამიანი და პირუტყვი სეზონურ საძოვრებზე გადადის, რაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის, რადგან მათთვის იალაღებზე გადაადგილება ხშირად დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, პროგრამის საერთო ბიუჯეტი სამივე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 58 ათას ლარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ თანხა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მასშტაბებთან შედარებით მცირეა, ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას და მაღალმთიან რეგიონებში ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას. ამავდროულად, იალაღებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ადგილობრივ ტურიზმსაც უწყობს ხელს, რადგან ბოლო წლებში ჩირუხი, ბეშუმი და გომის მთა ვიზიტორთა მზარდ ინტერესს იწვევს.

batumelebi.netgazeti.ge