„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.
ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
„2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 40.8 პროცენტი შეადგინა.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.8 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 10.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - მალტა 10.3 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2025 წელს 56.8 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 607.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 185.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 166.1 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.