აუდიტმა 2022 წლიდან 2024 წლის პირველი 6 თვის ჩათვლით პერიოდში შეისწავლა  ოზურგეთის მერიის საქმიანობა და გამოავლინა სისტემური ხარვეზები როგორც ფინანსების მართვაში, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

როგორც სახელმწიფო აუდიტის მიერ 6 მარტს გამოაქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

„ფინანსური რესურსების მართვა ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები  მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 46.2% და 30.3% დააკლდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები – მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. 

გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია – ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს. 

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროექტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და მშენებლობის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. 

წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია. 

სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებული არაეფექტიანი ღონისძიებები –  მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული 3,921.4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან ბენეფიციარების მიერ გამოყენებულია 2,165.6 ათასი ლარის ღირებულების (55.2%) მასალა. დახმარების მიმღები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სამშენებლო მასალები დასაწყობებული აქვთ.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები –  მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. ამასთანავე სრულად არ არის გამოყენებული გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 

ავტოპარკის მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა 

ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები.

საბიუჯეტო პროცესი 

საბიუჯეტო ხარვეზები – მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები არ მოიცავს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციებსა და განმარტებებს”,- წერია აუდიტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

რეკომენდაცია №1:

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

რეკომენდაცია №2:

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას;

რეკომენდაცია №3:

მერიამ შეიმუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესი და განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას; აღნიშნული უზრუნველყოფს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას. ამასთანავე, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორის და საექსპერტო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

რეკომენდაცია №4:

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

რეკომენდაცია №5:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დასრულების მიზნით, მერიამ შეიმუშაოს პროცედურები და დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მერიამ შეისწავლოს დასაწყობებული სამშენებლო მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათი შემდგომი გამოყენების უზრუნველსაყოფად;

რეკომენდაცია №6:

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების განკარგვისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების გაუმჯობესებას. მერიამ შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები მუნიციპალური ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით. მერიამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები გაფორმებულ ხელშეკრულებებში სარგებლობის საფასურის საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;

რეკომენდაცია №7:

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა;

რეკომენდაცია №8:

მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა. ასევე, შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.