მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტომაინინგის წინააღმდეგ პრობლემებს აღმოფხვრის და ტურიზმს გაზრდის, – ამის შესახებ მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ზედმეტად გაზრდილია, რაც არაერთ პრობლემას ქმნის.

"მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. პირველ რიგში, მთავრობას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურად უფასოდ გვქონდა ელექტროენერგია, რადგან ამან ჩვენ გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა, არ დაიცალა სვანეთი. მიუხედავად ამხელა გვერდში დგომისა მავანმა ვერ შეირგო, რომ ელექტროენერგიას უნდა მოვფრთხილებოდით და გადავედით უზომო მოხმარებაში. ვეთანხმები, მთავრობის გადაწყვეტილებას - ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს, დავლაგდებით, უფრო მეტი განვითარება ექნება მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, ერთი ორად გაიზრდება ტურიზმი", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.  

ცნობისთვის, მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

bp.ge