ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ეფუძნება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს ფინანსური განათლების პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას.
„ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კერძო სექტორთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ფინანსური განათლების პროგრამები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ და საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის კულტურის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
„ციფრული ფინანსების სწრაფი განვითარების ფონზე ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომავალი თაობებისათვის სულ უფრო იზრდება. ჩვენთვის საამაყოა სქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობა. ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ახალგაზრდები მოვამზადოთ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. „პეივ ბანკი“ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ფინანსური განათლების მხარდაჭერას“, - აღნიშნა „პეივ ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სალიმ დჰანანიმ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს